ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
იმდროინდელი, ვითომ მშრომელთა ინტერესების დამცველი ორგანიზაციის ლიდერის საზღვარგადასული ავყიობით გაბეზრებულმა დიდმა გოეთემ, ერთხელ, თურმე, ნახევრადხუმრობით იკითხა: რას მერჩის ეს კაცი, მე ხომ მისთვის სიკეთე არ გამიკეთებიაო?
ჰოდა, თუ ამ ვეებერთელა ადამიანს უჭირდა პროვოკატორის ყბედობის გამო დაბადებულ შეკითხვაზე პასუხის გაცემა, მე რატომ გამიადვილდება?
ამ შეკითხვის გარდა დღევანდელი რეალობაკიდევ ბევრ კითხვის ნიშანს სვამს, მაგრამ ერთი მათგანი სიმწვავით და გულისტკივილით გამორჩეულია: საიდან და როდის ან როგორ დაგროვდა ამდენი ბოღმა, შუღლი, შური, თავხედობა, უზრდელობა, პრიმიტივიზმი, კარიერიზმი, უმადურობა, პოლიტიკური პროსტიტუცია და ელემენტარული კორუფცია ქართულ პოლიტიკურ-საზოგადოებრივ სივვრცეში?
როგორ დაბინძურდა ეს სივრცე ასე უმოწყალოდ?
დიდი ხანია უფროსი თაობის პოლიტიკოსების უმრავლესობა აღარ არის ამ ქვეყნად, მათი შვილების თაობაც, მგონი, უკვე, ვეტერანების კოჰორტას მიეკუთვნება, წამოვიდა ახალგაზრდა პოლიტიკოსთა სრულიად ახალი გენერაცია, მაგრამ... თითქმის არაფერი შეცვლილა ემოციაში, ტერმინოლოგიაში, მეტყველებაში... ერთადერთი, ჯერ კიდევ არ ისმის აჟიტირებული ჯგუფების მქუხარე შეძახილი: "ჯოს!.." "ჯოს!.." "ჯოს!.." ისტერიკა კი, იცოცხლე, იგივე და რამდენიც გინდა,,,
ანუ, იგივე, რაც იყო 30 წლის წინ...
ანუ, იგივე, რაც იყო 20 წლის წინ...
ანუ, იგივე, რაც იყო 5-6 წლისწინ...
ამ მხრივ, პოზიტივის დეფიციტი აშკარაა, ადგილზე ვტკეპნით მიწას... ეტყობა, არ არის საკმარისი ამ სივრცის გაჯანსაღებისთვის უცხოური დიპლომებით თუ სერთიფიკატებით კეკლუცობა. რღმა, ფართო განათლებაა საჭირო, ისტორიის ცოდნა, სხვათა გამოცდილების შესწავლა, დადებითის გაზიარება და გამოყენება.
და კიდევ ერთი, რაც ასე აშკარად აქტუალურია დღეს: სულმნათი აკაკის სიბრძნე - მარტო წვრთნა ვერაფერს იზამს, თუ ბუნებამაც არ უშველაო...
აბა, სხვანაირად რით აიხსნება ის საშინელება, როცა ტელეეკრანი, რადიოეთერი და დემონსტრაცია-მიტინგები წალეკა უზომო ლანძღვამ, აქამდე არნახულ-არგაგონილმა საჯარო ბილწსიტყვაობამ, კონკრეტულ მისამართებით გასროლილმა უშვერმა გინებამ, პათოლოგიურმა დაუნდობლობამ, ანგარიშსწორების მოწოდებებმა... ამას მხოლოდ უკულტურობა არ ქვია. მისი სახელია სიბრიყვე!
განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ამ სავალალო ფონზე , ჩვენს თვალწინ ღიად, აშკარად და გამიზნულად მიმდინარეობს სახელმწიფო ინსტიტუტების არა მარტო დისკრედიტაციის პროცესი, არამედ მათი რეალური მორალური განიარაღება და შანტაჟი.
სახეზეა ვითარება, როცა აღარც არის დაფარული პოლიტიკური რევანშის წყურვილით გაჟღენთილი პროცესი, რომელსაც პირობითათ შეიძლება ეწოდოს"მცოცავი კონტრევოლუცია". საქართველოს არ უნდა ჭირდებოდეს იმის შეხსენება, თუ რითი მთავრდება კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასული ან ნებისმიერი ძალადობრივი ზეწოლის შედეგად მომხდარი ე.წ. "გადატრიალება".
ილუზია რომ ამ ჭიდილში ვინმე გაიმარჯვებს, შეიძლება ქონდეთ მხოლოდ მიამიტ მოქალაქეებს და... პოლიტიკურ იდიოტებს.
ბევრ ნორმალურ ადამიანს, რომელიც შეშფოთებით ელოდება ულტიმატუმით დაანონსებულ 10 ივნისს, ალბათ, გული უგრძნობს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პროვოკაცია აწყობს "რაღაც" მესამე ძალას, რომლის მხარდამჭერად შესაძლოა (და ეს სრულიად რეალურია) მოგვევლინოს "ის", ვინც თბილისიდან 40 კილომეტრზე, მავთულხლართს იქეთაა დაბანაკებული...
ეჰ, როგორ აკლია ქვეყანას არა მარტო დიდი ავლიპი ზურაბიშვილი, რომელსაც შეეძლო "დაავადებული" ერისთვის პირში მიეხალა ხისტი შეფასება-სიმართლე, არამედ გენიალური ჭაბუა ამირეჯიბი, თავისი ბრძნული შეძახილით: ჭკუით, ქართველებო!!!