„საქართველოს მთავრობა „სტარტაპების" დაფინანსების პროგრამას იწყებს", - აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, პროგრამის მონაწილე შეიძლება გახდეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, ვისაც აქვს ინოვაციური, საინტერესო ბიზნესწინადადება და მისი განხორციელებისთვის ესაჭიროება დაფინანსება. პირველ ეტაპზე პროგრამისთვის გამოიყოფა 11 მლნ ლარი, ხოლო შემდეგ ბიუჯეტი გაიზრდება 35 მლნ ლარამდე.
„დღეს ჩვენ დავამტკიცებთ დამწყები ბიზნესის დაფინანსებისთვის საფინანსო ინსტიტუტის მუშაობის ძირითად პრინციპებს, ხოლო ერთი თვის თავზე ეს ინსტიტუტი დაიწყებს ფუნქციონირებას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების პარკის შენობაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, გამომდინარე იქედან, რომ იგი იძლევა საშუალებას, დამწყებმა ბიზნესმენმა და ასევე ინოვაციურმა და ტექნოლოგიურმა ბიზნესმა მიიღოს დაფინანსება ყველანაირი უზრუნველყოფისა და გირაოს გარეშე. მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ პირველად ხდება საქართველოში ინოვაციური იდეების დაფინანსების ინსტიტუციონალიზაცია, რაც ინოვაციური პოტენციალის განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩვენ ვიცით ბევრი ქვეყანა, სადაც ამ მიმართულებამ გარდატეხა შეიტანა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში და ეს არის ჩვენი მხრიდან პირველი ნაბიჯი, რაც მისასალმებელია", - განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.
მისივე ინფორმაციით, პროგრამის კოორდინატორები არიან საპარტნიორო ფონდი და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, პროგრამის ამოქმედების პროცესში ასევე ჩაერთვებიან საერთაშორისო ექსპერტები.