თეატრის მხატვარი შოთა გლურჯიძე „facebook"-გვერდზე განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ლოცვით ნებისმიერი საქმის დაწყება კარგია.
„აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელია გაკვეთილების ლოცვით დაწყება" - თამარ სანიკიძე.
ქალბატონო თამარ, ლოცვით ნებისმიერი საქმის დაწყება კარგია და განსაკუთრებით იმ ადამიანებისათვის, რომელთაც ეს აბსოლუტურად მიუღებლად და დაუშვებლად მიაჩნიათ!!!" - წერს გლურჯიძე.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაცემა „ეპიცენტრში" მაყურებლის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აბსოლუტურად მიუღებელია გაკვეთილების ლოცვით დაწყება.
მაყურებელი დაინტერესდა, ვის უნდა მიმართოს მშობელმა, როდესაც მისი შვილი განსხვავებული რელიგიური აღმსარებლობის გამო სხვა მოსწავლეების მხრიდან გარიყული ან დაცინვის ობიექტია, კერძოდ იმ დროს, როდესაც არის შემთხვევები, რომ სასწავლო დღეს სკოლაში მოსწავლეები ლოცვით იწყებენ.
„ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მიუხედავად იმისა, რომ ამას არ აქვს სისტემატური ხასიათი, პერიოდულად მაინც დგება ხოლმე ეს საკითხი. სკოლა არის ადგილი, რომელიც თავისუფალი უნდა იყოს ყველანაირი რელიგიური, პოლიტიკური და ა.შ. გავლენისაგან. ასეთი გადაცდომების თავიდან ასაცილებლად მუშაობს სპეციალური სამსახური. აბსოლუტურად მიუღებელია გაკვეთილების ლოცვით დაწყება, იმიტომ რომ საქართველო არის მრავალეთნიკური და მრავალრელიგიური ქვეყანა და ჩვენ ამას ვერ ავცდებით, ყოველთვის იქნება სკოლა, სადაც იქნებიან სხვადასხვა რელიგიის თუ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები. აქედან გამომდინარე, ეს არის დაუშვებელი, ეს არის კანონის დარღვევა და როგორც კანონის დარღვევის აღმკვეთი, ამ შემთხვევაში უკვე შემოვდივართ ჩვენ. რაც ნიშნავს, რომ არსებობს მონიტორინგის სამსახური, სადაც მსგავსი დარღვევა ფიქსირდება, და ის არის ჩვეულებრივი ადმინისტრაციული საქმის წარმომება, რომელიც ხორციელდება, თუ არის ბულინგთან დაკავშირებული, ეს გადადის მანდატურის სამსახურში და ფსიქოლოგიურ ცენტრთან კეთდება რეფერალი, თუ ეს არ არის დაკავშირებული ბულინგთან და ადმინისტრაციული სახის არის, ამაზე უკვე გადაწყვეტილებას სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური იძლევა.
გვაქვს ძალიან დინამიური სტატისტიკა. გარდა იმისა, რომ ამ ფაქტების შეგროვება ხდება, ხდება მათი ანალიზი და შემდეგ რეკომენდაციები ეგზავნებათ სკოლებს, ვთქვათ, რა კუთხით უნდა გააძლიერონ მუშაობა", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.