ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში", სადაც ბიზნესკონფერენცია „ევროპული კომპანიები საქართველოში - მზარდი ვაჭრობა და ინვესტიციები" მიმდინარეობს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროკავშირი არის ყველაზე მსხვილი ინვესტორი საქართველოში.
„ინვესტიციები ერთი სფეროა, ვაჭრობა კი - მეორე. როგორც ვხედავთ, მას შემდეგ რაც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა, 2 წლის შემდეგ ევროკავშირი ახლა არის ყველაზე მსხვილი ინვესტორი საქართველოში. ასვეე იგი ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია საქართველოსთვის. როდესაც მე ვამბობ ევროკავშირს, ვგულისხმობ მის 28 წევრ ქვეყანას. ველოდები, რომ ეს ღონისძიება მოგვცემს შესაძლებლობას, შევაფასოთ, თუ რა ხდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელების კუთხით და დავინახოთ პერსპექტივა.
პირველი სექტორი, რომელშიც ვაჭრობის ხელშეწყობა იზრდება, არის სოფლის მეურნეობა. უფრო და უფრო მეტ ქართულ სოფლის მეურნეობის პროდუქციას ექნება და უკვე აქვს ევროპულ ბაზარზე წვდომა ტარიფების გარეშე. ეს პროცესი გაიზრდება. ვიმედოვნებთ, რომ პროცესი თანდათან გავრცელდება ეკონომიკის სხვა სექტორებზეც. ვფიქრობ, ეს შედეგები არის იმედის მომცემი. ჩვენ ამ შედეგებს განვიხილავთ, თუმცა, უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ განვიხილოთ ის საკითხი, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს მიღწევები იყოს უფრო მყარი. არის ქართული პროდუქცია, რომელიც მაგალითად შვედეთის ან გერმანიის სუპერმარკეტებში გამოჩნდა. ეს წარმატების მაგალითებია. ჩვენ ვისურვებდით, რომ გაიზარდოს მსგავსი შემთხვევები. ვფიქრობ, საქართველოს კარგი მდებარეობა აქვს, რათა გამოიყენოს ევროკავშირთან ასოცირება და გაზარდოს ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ ევროკავშირში ექსპორტი მოითხოვს უფრო მაღალი სტანდარტებისა და ხარისხის მიღწევას. ეს მხოლოდ ევროკავშირის გამო არ არის ასე. თუ ქართული პროდუქტი იქნება სერტიფიცირებული იმისათვის, რომ გავიდეს ევროკავშირის ბაზარზე, მას უფრო კარგად მიიღებენ სხვა ქვეყნებშიც. ამიტომაც ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მუშაობით შეგვიძლია უფრო მეტი შესაძლებლობა მივცეთ ქართველ ექსპორტიორებს მსოფლიო მასშტაბითაც", - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.