logo_geo
eng_logo
ქართულ-ამერიკული სწავლებისთვის საჭირო ტექნიკა საქართველოშია
- +

5 მაისი. 2016. 11:25



ქართულ-ამერიკულ სწავლება „Noble Partner 2016-ში" მონაწილეობის მისაღებად გამოგზავნილი ამერიკული მძიმე ტექნიკა საქართველოშია. M1A2 ტიპის ტანკები „აბრამსები" და ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლები" ფოთის პორტში უკვე ჩამოიტვირთა და ეშელონებით ვაზიანის მიმართულებით დაიძრა.



აშშ-ის არმიის ეროვნული გვარდიის ტანკები და ქვეითი საბრძოლო მანქანები ბულგარეთში, ვარნას პორტში ბორანზე დაიტვირთა და შავი ზღვით საქართველოსკენ 2 მაისს წამოვიდა.



ქართულ-ამერიკული სწავლება „ღირსეული პარტნიორი" საქართველოში მეორედ ტარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას ისახავს მიზნად. სწავლების სცენარი კი სტაბილურობის, შეტევა/თავდაცვის ოპერაციებს ემყარება.



წელს „ღირსეული პარტნიორი" ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე მეორედ გაიმართება და მასში 1300 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. სწავლებაში 650 აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის, 500 ქართველი და 150 ბრიტანელი სამხედრო ჩაერთვება. პირველად საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში სწავლებაში M1A2 ტიპის ამერიკულ ტანკებს „აბრამსებს" გამოიყენებენ.



წვრთნაში ასევე ჩართული იქნება C-130 ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი და სხვა აღჭურვილობა. 



ქართულ-ამერიკული სწავლება ოფიციალურად 11 მაისს გაიხსნება და 26 მაისამდე გაგრძელდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner