logo_geo
eng_logo
პროკურატურამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წარუდგინა
- +

10 ივნისი. 2018. 18:55

 

 

„საქართველოს პროკურატურამ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულ ორ პირს ბრალდება წარუდგინა. მ.მ.-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მიწოდებული ინფორმაციის შეცვლის მიზნით მოწმის მოსყიდვა  ქონებრივი სარგებლის შეთავაზებით), ხოლო მ.ს.-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა)“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

 

„მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ მ.მ.-მ ხორავას ქუჩა N4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის თვითმხილველ მოწმეზე მ.კ.-ზე გამოძიებისთვის მიცემული ინფორმაციის შეცვლის მიზნით განახორციელა ზემოქმედება, კერძოდ მ.მ.-მ თვითმხილველ მოწმეს რამდენჯერმე გადასცა ფულადი თანხა და დაპირდა, რომ თუ სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს შეცვლიდა გამოძიებისთვის მიწოდებულ ინფორმაციას და გ.ჯ.-ს არ ამხელდა დანაშაულში მას მატერიალურად დაეხმარებოდა და მოსალოდნელი გართულებების შემთხვევაში უზრუნველყოფდა მედიისა და საზოგადოების ფართო მასების მხარდაჭერას.

 

 ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 1 დეკემბერს ქ. თბილისში, ხორავას ქუჩა N4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის შემდეგ მ.ს.-სთვის ცნობილი გახდა გ.ჯ.-ს დანაშაულის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.

 

საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner