logo_geo
eng_logo
პროკურორი: მირზა სუბელიანს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენა ედება ბრალად, მის მიმართ პატიმრობას ვითხოვთ
- +

10 ივნისი. 2018. 21:27

 

 

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს. როგორც პროცესის დაწყებამდე პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ განაცხადა, მირზა სუბელიანს განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ედება ბრალად.

 

მისივე თქმით, არსებობს პატიმრობის გამოყენების როგორც ფორმალური, ისე ფაქტობრივი საფუძვლები.

 

„ბრალდებულ მირზა სუბელიანს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენა ედება ბრალად. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემდეგ კალანდიებთან ოჯახში ყოფნისას მისთვის ცნობილი გახდა, რომ მკვლელი იყო გ.ჯ. ამის მიუხედავად აღნიშნულის შესახებ არ მომხდარა მყისიერად საგამოძიებო ორგანოსთვის ინფორმაციის მიწოდება. ბრალდებულის მიმართ პროკურატურა ითხოვს პატიმრობის გამოყენებას, ვფიქრობთ, რომ არსებობს ამის გამოყენების როგორც ფორმალური, ისე ფაქტობრივი საფუძვლები“,- განაცხადა პროკურორმა.

 

ასევე, მან ისაუბრა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებულ მერაბ მორჩაძეზეც, რომლის აღკვეთის ღონისძიების საქმეზე სასამართლო ხვალ, 11:00 საათზე იმსჯელებს.

 

პროკურორის ინფორმაციით, მორჩაძის მიმართაც ბრალდების მხარე პატიმრობას მოითხოვს.

 

„მერაბ მორჩაძის შემთხვევაში არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მოახდენს მოწმეებზე ზემოქმედებას და მტკიცებულების შემდგომ მოპოვებას შეუშლის ხელს. ასევე არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ იგი ახალ დანაშაულს ჩაიდენს. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სუბელიანის შემთხვევაშიც გამოყენებული იყოს პატიმრობა, რათა გამოძიების მიმდინარეობას არ შეუშალოს ხელი“,- აღნიშნა თორნიკე ნადირაძემ.

 

ამასთან, მირზა სუბელიანის ადვოკატის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს აღიარებს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება სასამართლოს მხრიდან გონივრული არ იქნება.

 

ინგა ჩალაურის ინფორმაციით, დაცვის მხარე სასამართლოს ალტერნატივის სახით 5000-ლარიან გირაოს შესთავაზებს.

 

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, მირზა სუბელიანი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით, დანაშაულის შეუტყობინებლობისბრალდებით გუშინ დააკავეს.

 

ერთ-ერთი მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მირზა სუბელიანს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს.

 

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი პირველ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, ხოლო დავით სარალიძე 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

სასამართლომ ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს 10 წლითა 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძისგანზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner