სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია იტალიის ელჩს საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლს შეხვდა. ლევან შონიამ ელჩს რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო, შეხვედრის ძირითადი თემები კი რეგიონის ეკონომიკურ შესაძლებლობებს, აგრარულ სექტორს და ტურიზმის განვითარებას ეხებოდა.
იტალიის ელჩის განცხადებით, ისინი დაინტერესებულნი არიან რეგიონებთან მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობებით. ენრიკო ბარტოლის განცხადებით, ის იტალიელ ბიზნესმენებს დაგეგმილ შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის პოტენციალს გააცნობს.
„მე ძალიან მომეწონა თქვენი რეგიონი, აქ პირველად ვარ და უკვე შემიყვარდა. რთულია იპოვო მხარე, სადაც ერთადაა ამდენი სიმწვანე, მთა და სილამაზე. ჩვენ ვართ დაინტერესებული, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთში განვითარდეს ტურიზმი, ასევე ჩაიდოს ინვესტიციები აგროსექტორსა და ენერგეტიკაში, რაც მეტად დაახლოებს ჩვენს ორ ერს. თქვენს რეგიონში წარმოდგენილია ორი მსხვილი იტალიური ფირმა, პირველი ეს არის „ფერერო" და მეორე კი „ნენსკრა" მშენებლობაშია ჩაბმული. თქვენთან იწყება ძალიან კარგი პროექტი ანაკლიის განვითარების მხრივ, ვგულისხმობ პორტს, იმედს ვიქონიებთ, რომ მსგავს დიდ პროექტებში იტალიაც ჩართული იქნება" ,- განაცხადა იტალიის ელჩმა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორ ლევან შონიას განმარტებით, ელჩთან საუბარი გაცნობითი ხასიათის იყო და ანტონიო ენრიკო ბარტოლს რეგიონის პოტენციალი გააცნეს.
გუბერნატორმა ელჩს ის პაკეტები შესთავაზა, სადაც უცხოელ ბიზნესმენებს ინვესტიციების ჩადება შეუძლიათ.