„უარს ვამბობ გარანტირებულ ადგილზე მომავალ პარლამენტში ფასადურად განახლებული პარტიის სიით და ვიწყებ ახალი მოძრაობის შექმნას", - ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ პარლამენტში ცოტა ხნის წინ განაცხადა და „ნაციონალური მოძრაობა" დატოვა.
ვაშაძის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ" მიიღო დახურული, კაბინეტური მმართველობის ფორმა და პარტია ემსახურება ერთი მცირე ჯგუფის პერსონალურ ინტერესებს.
მისივე თქმით, ამ კაბინეტურ მმართველობას აქვს თავისი სახელები და გვარები: „გიგა ბოკერია, მიშა მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი, გოკა გაბაშვილი და მათ ფასადად ქცეული დავით ბაქრაძე".
„ჩემი აქტიურ პოლიტიკაში მოსვლის მიზანი იყო და არის ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება ქვეყანაში, რომელიც ახალ პოლიტიკურ კლასს გაუხსნის გზას, სრულიად ახალ პერსპექტივას და განვითარების შესაძლებლობას მოუტანს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.
მსგავსი მოლოდინი ჰქონდა საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას, ჩვენს ამომრჩეველს, რომლებიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან" ელოდებოდნენ ინოვაციებს, სიახლეებს, ცვლილებებს და ახალ ინიციატიებს, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ განხორციელდა.
ნაცვლად სიცოცხლისუნარიანი ღია ორგანიზმისა, ჩვენ დახურული, კაბინეტური მმართველობის სისტემა მივიღეთ, რომელიც ემსახურება მხოლოდ პარტიის ერთი მცირე ჯგუფის პერსონალურ ინტერესებს.
ამ კაბინეტურ მმართველობას აქვს თავისი სახელები და გვარები: - გიგა ბოკერია, მიშა მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი, გოკა გაბაშვილი და მათ ფასადად ქცეული დავით ბაქრაძე.
უარს ვამბობ გარანტირებულ ადგილზე მომავალ პარლამენტში ფასადურად განახლებული პარტიის სიით და ვიწყებ ახალი მოძრაობის შექმნას, რომლის მთავარი პრინციპი იქნება: ახალი ადამიანები პოლიტიკაში, ახალი პოლიტიკური კულტურით, ახალი იდეებითა და გადაწყვეტილებების მიღების ახალი მექანიზმებით", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.