„ინოვაციური პროექტების გამარჯვებულებს სახელმწიფო მხარში დაუდგება და პროექტების განხორციელებაში დაეხმარება“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისის ტექნოპარკში თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულებთან შეხვედრაზე.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის 18 გამარჯვებული სტარტაპი 2018 წლის 25 მაისს გამოვლინდა. თითოეულ მათგანს გადაეცა გრანტი 100 000 ლარის ფარგლებში.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, იმ თანხის გარდა, რომელთაც სტარტაპებს გრანტის სახით გადაეცემათ, სახელმწიფო დამწყებ ბიზნესებს ასევე დაეხმარება მარკეტინგით, ბრენდინგით და მენტორშიფით. მენტორები მათ გაუწევენ კონსულტაციებს, როგორც სტარტაპის სტრატეგიული განვითარების, ასევე კონკრეტულ დარგში ბიზნეს-აქტივობის მიმართულებით. აღნიშნული საშუალებას მისცემს გამარჯვებულ სტარტაპერებს განავითარონ და გააძლიერონ საკუთარი საქმიანობა.
შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე.