„გიოს ვერ დავემშვიდობე... ასე დავწერე კიდეც: „დროებით ჩემო ძმობილო, დროებით“, - ამის შესახებ ambebi.ge-ს კულტურის პალატის ხელმძღვანელმა დავით ოქიტაშვილმა განუცხადა, რომელმაც ცოტა ხნის წინ მომღერალ გიო ხუციშვილის ვარსკვლავის გახსნის ღონისძიებას ორგანიზება გაუკეთა და მომღერალს ბოლომდე გვერდით დაუდგა.
უამრავი ადამიანი განიცდის გიო ხუციშვილის გარდაცვალებას და გულწრფელად ემშვიდობებიან ადამიანს, რომელიც მართლაც დააკლდა ქალაქს. თითოეულს თავისი გიო ხუციშვილი ჰყავს და დღეს AMBEBI.GE-სთან ამ მოგონებებს აცოცხლებენ...
დავით ოქიტაშვილი, კულტურის პალატის ხელმძღვანელი:
„როდესაც ვუთხარი, რომ მისი ვარსკვლავი უნდა გაგვეხსნა, მისი ბედნიერი სახე უნდა გენახათ - უცბად მოძლიერდა. მე, მისი მეუღლე, ბაკურ ბაკურაძე და ირაკლი მეძმარიაშვილი ვიყავით და როდესაც დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ როგორი უნდა ყოფილიყო მისი საღამო, რაღაც მომენტში თქვა - არა, ეს არ გამოვა. რატომ-მეთქი? ცუდად ვარ და მთელი კონცერტის განმავლობაში ვერ ვიმღერებო. ვუთხარი, სხვები იმღერებენ, ბოლოს გამოხვალ და მაყურებელს მოეფერები-მეთქი. ეს მოეწონა, კარგია, მაყურებელს მართლა მინდა მოვეფერო და დიდი მადლობა ვუთხრა წლების განმავლობაში იმ სიყვარულისთვის, რასაც მათგან ვგრძნობო...
ვარსკვლავის გახსნის საღამო იყო საოცარი. ის თავის მსმენელს დაემშვიდობა, თუმცა არავის სჯეროდა, რომ ასე მალე წავიდოდა... ბოლოს ერთად უწმინდესთან ვიყავით, არ დამავიწყდება მისი ბედნიერი სახე... პატრიარქმა სანთლები აჩუქა, სახლში რომ მივიდა, მაშინვე დაანთო... იქიდან რომ გამოვედით, ერთი რამ მითხრა, რაც გულში ხინჯად მაქვს და ჩემს თავს ვერ ვპატიობ. იქნებ ამ დღეებში მე, შენ და ბაკური (ბაკურ ბაკურაძე კონცერტის რეჟისორი იყო - ავტ.) დავსხდეთ, მინდა, მოგეფეროთ იმისთვის, როგორი კარგი საღამო გამოვიდაო. ისრაელიდან რომ ჩამოხვალ, მაშინ დავსხდეთ-მეთქი. ვფიქრობ, რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ იმდენად ცუდად იყო, ისრაელში ვეღარც წავიდა. კონცერტის შემდეგ ყველა მონაწილეს ურეკავდა, მადლობას უხდიდა, თითქოს ემშვიდობებოდა. კონცერტმა ბედნიერი გახადა. მძიმე სენს ბოლო წუთამდე ებრძოდა. მეუბნებოდა, ამერიკაში გაგზავნილი გვაქვს საბუთები და იქიდან პასუხს ველოდებითო. ვუთხარი, არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი.
მიჭირს გიოზე წარსულში საუბარი. ყველას დიდი მადლობა, ვინც 29 მაისს დააფასა და კონცერტზე მოვიდა, მოეფერა გიოს. მის ბედნიერ სახეს ვერ ვივიწყებ, როდესაც მისი ვარსკვლავი იხსენებოდა, მსმენელს შეჰხაროდა. სულ ვამბობ, ვარსკვლავს დათო ოქიტაშვილი არ ხსნის, ვარსკვლავს ხნის ხალხი, საზოგადოება. ხალხის სიყვარული თუ არ გაქვს, გახსენი რამდენი ვარსკვლავიც გინდა... გიომ ვარსკვლავი ხალხისგან დაიმსახურა".