ნატო გელაშვილი: ჩემი 20 წელი მოკვდა - დღეს გიოსთან ერთად ვაცილებ ბევრ ლამაზ მოგონებას...
-
+
12 ივნისი. 2018. 01:44
უამრავი ადამიანი განიცდის გიო ხუციშვილის გარდაცვალებას და გულწრფელად ემშვიდობებიან ადამიანს, რომელიც მართლაც დააკლდა ქალაქს. თითოეულს თავისი გიო ხუციშვილი ჰყავს და დღეს AMBEBI.GE-სთან ამ მოგონებებს აცოცხლებენ...
კომპოზიტორი ნატო გელაშვილი ის ადამიანია, რომლის უამრავი სიმღერა გიო ხუციშვილმა როგორც მარტომ, ისე ნატოსთან ერთად, დუეტში ააჟღერა. თითოეული მათგანი მსმენელს განსაკუთრებულად უყვარს...
„ჩემთვის გიოს სახით თბილისის დიდი ნაწილი მოკვდა. ჩემი 20 წელი მოკვდა, საუკეთესო მეგობარი, მესაიდუმლე, ოჯახის წევრი დავკარგე, გიოსთან ერთად, ჩემში ეპოქა მოკვდა. არც ვიცი, რა განცდა მაქვს, საოცარი - ყველაზე უცნაური ის არის, რომ სანამ დილით ამ ყველაფერს გავიგებდი, გიო სიზმარში დამემშვიდობა, გავიღვიძე და გიო მართლაც აღარ იყო. ეს სიზმარი არასდროს ამომივა თავიდან. ჩემთან სახლში მოვიდა, დერეფანში იდგა, ოღონდ, უკვე ბოლოდროინდელი გიო, გადამეხვია - ხომ იცი, როგორ ძალიან მიყვარხარო. რომ გამოვიღვიძე, ზუსტად ვიცოდი, რომ არ იყო. არ ვიცი, ეს რა ჯაჭვია... ფაქტია, რომ ჩემი ნაწილი იყო... ოჯახის წევრები დავკარგე და ასეთი რამ არავის გარდაცვალებისას არ მქონია.
მოკლედ, ამ დილას, ტელეფონამდე არც მივსულვარ, რომ ამბავი გამეგო, ჩემს თავში გიოს უკვე დავემშვიდობე. ბოლო ორი დღე ცუდად იყო, საკვებზეც უარი თქვა, მაგრამ მის გარდაცვალებას მაინც არ ვუშვებდი... დღეს გიოსთან ერთად ვაცილებ ბევრ ლამაზ წელს, მოგონებას. ალბათ ოდესმე მეც და ყველა იქით წავალთ, თუმცა იცოცხლებს ის, რაც მე და გიომ დავტოვეთ, ვიღაცისთვის მაინც აყვავდება ნუში. ერთი რამ ვიცი, რომ ერთად ბევრი რამ შევძელით. ბევრი შეყვარებული ამ სიმღერებით გავაბედნიერეთ. ასე რომ, რამდენჯერაც ეს მუსიკა აჟღერდება, ვიღაცისთვის მაინც იყვავილებს ნუში და გიო გაცოცხლდება... ბევრი წელი ამ ქალაქში ერთად მოვიტანეთ და ჩვენი ტანდემით ეს ქალაქიც ვაბედნიერეთ. ვზივარ ახლა ჩემთვის და ნაბიჯს ვერ ვადგამ, არ მინდა, რომ ისეთი ვნახო, როგორიც ახლაა. ჩემს თვალწინ კადრებად გარბის მასთან ერთად გატარებული წლები, საათები, წუთები.
ბოლოს დიდი ხანი არ გვიმღერია, მაგრამ არ არსებობდა დღე, ჩემთვის არ დაერეკა. ბოლო 4 წელი, როცა ძალიან მიჭირდა, იცოდა, რომ ცუდად ვიყავი და სულ მთხოვდა - ნატაშ, დეპრესიიდან გინდა გამოგიყვანო და გამოგიარო? ჩემი სიმღერები შესისხლხორცებული ჰქონდა, იმასაც ვერ იტანდა, რომ ვინმე რომელიმეს იმღერებდა, ძალიან უყვარდა და ამიტომ ცოტას ეგოისტობდა...“
წყარო :