მსახიობ კოტე თოლორდავას მეუღლე განო მელითაური „ნანუკას შოუში" საკუთარი ორსულობის შესახებ ჰყვება. ამბობს, რომ არა კოტე, ექიმები შეცდომით აბორტს გააკეთებინებდნენ.
„მივედი ექოზე და მითხრეს, რომ ნაყოფი დაღუპულია და ხელოვნურად უნდა ჩავერიო, ანუ აბორტი გავიკეთო.
მახსოვს, 20 თებერვალი იყო. მივედით ქორიძის სამშობიარო სახლში და წინასააბორტო გადამოწმებისას შევიტყვეთ, რომ თურმე ბავშვი ცოცხალი იყო.
სახლში გამობრუნებულები ძალიან გახარებულები ვიყავით მე და კოტე.
2 დღეში ისევ შეუძლოდ გავხდი. გადამოწმებაზე მეორეჯერაც მითხრეს, რომ ბავშვი დაღუპულია.
ძალიან მძიმეა, როცა გიხარია ბავშვის გადარჩენა და ისევ გეუბნებიან, რომ ასე არ არის.
კოტე გამწარებული იყო.
მითხრეს, სეფსისი დაგემართება, სასწრაფოდ რომ არ გაგიკეთოთ აბორტიო.
მახსოვს, რომ გონება დავკარგე. როცა გამოვფხიზლდი, მანქანაში ვიჯექი. კოტეს ვიღაც ქალის ვინაობა გაურკვევია, რომელიც სწორ პასუხს გვეტყოდა და იქ მივდიოდით.
ამ ქალმა მითხრა, რთული ორსულობა გაქვს, მაგრამ ბავშვის შენარჩუნება შეიძლებაო, ანუ ცოცხალი იყო.
თუმცა, მესამეჯერაც იგივე მითხრეს, ბავშვი დაღუპულიაო. ეს იყო გაგუას სამშობიარო!
საბოლოოდ არჩილ ახმეტელმა მომასმენინა, რომ ჩემს გოგოს უკვე გული უცემდა", - იხსენებს განო მელითაური.
კოტე თოლორდავა ერთი წლის წინ გარდაიცვალა, თუმცა მისი მესამე შვილი ლოლიტა თოლორდავა ჯანმრთელი დაიბადა და უკვე ექვსი თვისაა.