„მიმდინარე წლის მარტში ჰოლანდიაში მყოფ სააკაშვილს მისგან კონტროლირებადი რამდენიმე პარტიის ლიდერი ეახლა და საქართველოს ხელისუფლების დამხობის გეგმა შემუშავდა, რომელიც ამჟამად უკვე განხორციელების ფაზაშია“, - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა ტრისტან წითელაშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ეს არის უკეთეს შემთხვევაში უსისხლო, უარეს შემთხვევაში კი, შეიარაღებული გადატრიალების რეალური გეგმა. სააკაშვილმა თავის რეზიდენტებს - ორკაციანი პარტიების ლიდერებს - კონკრეტული დავალებები მისცა, შეთქმულებს პირდაპირ მიეთითათ, დაამყარონ კონტაქტები სახელმწიფო სტრუქტურებში, ძალოვან უწყებებში, განათლების, ჯანდაცვის, კულტურის სამინისტროებში შემორჩენილი მომხრეებთან, რათა ისინი საკუთარი მიზნების შესასრულებლად გამოიყენონ.
ჰოლანდიაში დაწერილი სცენარი ორ ეტაპად იყოფა: პირველ ეტაპზე „ნაცები“ ცდილობენ, საზოგადოების ნებისმიერ ჯგუფში უკმაყოფილება გააღვივონ. მეორე ეტაპზე კი იწყება პროტესტის გამომხატველი ჯგუფების ეგზალტაცია, რაც საზოგადოების სხვა ჯგუფებთან ან ხელისუფლების ძალოვანებთან შეჯახებით უნდა დაგვირგვინდეს. დიახ, ისინი ცდილობენ, ნებისმიერი აქცია მასობრივ დესტაბილიზაციაში და სისხლისღვრაში გადაიზარდოს, შემდეგ კი მოულოდნელად მათ ხელში წინასწარ საგანგებოდ გამზადებული იარაღიც აღმოჩნდება...
როგორც წესი, შეთქმულების გეგმი8ს განხორციელებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტელეკომპანია „რუსთავი 2“, სადაც განთავსებულია ამერიკელების მიერ ვანო მერაბიშვილისთვის საჩუქრად გადაცემული ის ზემძლავრი მოსასმენი მოწყობილობები, რომლითაც „ნაცები“ მოწინააღმდეგე საზოგადოებრივ ლიდერებსა და ხელისუფლების მაღალჩინოსნებს უსმენენ.
როლები გადანაწილებულია - 7 ივნისს კიევიდან საქართველოში ჩამოვიდა 8 ზონდერი, რომელთაც უკვე კონკრეტული დავალებები აქვთ პროვოკაციების მოსაწყობად, რაშიც, ჩემი ინფორმაციით, პანკისის ხეობის რამდენიმე მცხოვრებიც მიიღებს მონაწილეობას. რამდენიმე თვის წინათ უკრაინიდან საქართველოში მოხდა იმ ქართველო ზონდერების დეპორტაცია, რომლებიც სააკაშვილის დანაშაულებრივ დავალებებს ასრულებდნენ. მათ შორის არის მაღალჩინოსანი სამხედრო დავით მაყიშვილი, რომელიც „თავისუფალი ზონის“ ტრიბუნიდან უკვე აკეთებს განცხადებებს, რომ მხარს უჭერს ხელისუფლებაში სააკაშვილის ნებისმიერი გზით დაბრუნებას. ჩემი ინფორმაციით, მან უნდა უხელმძღვანელოს „ნაცების“ ეგიდით დაწყებულ შეიარაღებულ გადატრიალებას!“ - განაცხადა ტრისტან წითელაშვილმა.