ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩის" წევრი გოგა ხაჩიძე გიორგი ვაშაძის „ნაციონალური მოძრაობიდან" წასვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ ვაშაძემ გაიმეორა ის სიტყვები, რაც „გირჩმა" ერთი წლის წინ განაცხადა.
„ჩემთვის ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ გიორგი ვაშაძემ გაიმეორა ის, რა განცხადებაც ერთი წლის წინ „გირჩმა" გააკეთა. განახლება, ახალი ადამიანები პრობლემაა, ეს იწვევს თავის შედეგებს და ერთ-ერთი შედეგი ის არის, რომ ვაშაძემ დატოვა პარტია", - განაცხადა ხაჩიძემ.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ „გირჩის" წევრებისა და გიორგი ვაშაძის მიერ პარტიის ერთი და იმავე მიზეზებით დატოვება ნიშნავს, რომ პარტიაში მთავარი პრობლემა განახლებაა.
„მე მინდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ბოლოში to be continued მიეწეროს, მაგრამ არ აწერენ და... ჩვენ ამას ვითხოვდით მაშინ, როცა პარტიაში ვიყავით. პრაიმერიზის დროს მთელი წელი ვითხოვდით, რომ პარტია უნდა განახლებულიყო. ვანო მერაბიშვილის გამოსვლის მთავარი მესიჯი 19 აპრილს ის იყო, რომ პარტია განახლდება, მაგრამ არ ანახლებენ", - აღნიშნა გოგა ხაჩიძემ.