logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: უმრავლესობის სხდომაზე მიმდინარე მოვლენები განვიხილეთ
- +

13 ივნისი. 2018. 01:35

 

 

„უმრავლესობის სხდომაზე მიმდინარე მოვლენებზე ვიმსჯელეთ, სამთავრობო ცვლილებებზე მსჯელობა არ ყოფილა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

 

„ეს არის საგამოძიებო კომისია, რომელიც პარლამენტში შეიქმნა, საპროტესტო აქციები, რომელიც გუშინ დასრულდა და „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლეიბორისტული პარტიის“ დღის წესრიგი, რომელიც ამ აქციებში აშკარად გამოჩნდა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

მისი თქმით, უმრავლესობის სხდომაზე საუბარი იყო გაერო-ს ეგიდით მოსახლეობის კეთილდღეობის შესახებ ჩატარებულ კვლევაზე, სადაც გატარებული რეფორმები დადებითად არის შეფასებული და არის პრობლემები, თუ გამოწვევები, რაც საქართველოს მოქალაქეებს ჯერ კიდევ აქვთ.

 

„ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემებია ეკონომიკური განვითარება და სოციალური საკითხები, რაზეც სხდომაზე განვიხილეთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ცვლილებების სულისკვეთება, რომლებიც მთავრობამ დაამუშავა და რომელზეც ფინანსთა მინისტრმა იმუშავა, იმაში მდგომარეობს, რომ გუნდს კრიტიკული შეფასება აქვს, თუ როგორ იმართებოდა სიღარიბეში მყოფ მოსახლეობაზე სესხების გაცემის პოლიტიკა, რამაც როგორც კვლევაშიც წერია, მათი მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია.

 

„კვლევაში ჩანს, რომ მიზნობრივმა სოციალურმა პროგრამებმა სიღარიბის შემცირებას ხელი შეუწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რითაც ჩვენ ამ გამოწვევას უნდა გავუმკლავდეთ, მიზნობრივი სოციალური პროგრამებია. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური ინიციატივები, რომლებიც მთავრობას აქვს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

მისი თქმით, იმ შედეგებთან დაკავშირებით, რაც კვლევაში ჩანს, მთავრობა სამოქმედო გეგმას წარმოადგენს, თუ რის გაკეთებას გეგმავს დამატებით, სიღარიბესთან ბრძოლის თვალსაზრისით და უმრავლესობის სხდომაზე სწორედ ამაზე მიდიოდა მსჯელობა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner