ვაშინგტონში რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის ვიზიტი მიმდინარეობს. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ევროპის საკითხებში პრეზიდენტ ობამას სპეციალურ მრჩეველთან ჩარლზ კაფჩანთან, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელ მაიკლ კარპენტერთან, „Armitage Internationalის" პრეზიდენტ რიჩარდ არმიტიჯთან, უსაფრთხოების საკითხებში ატლანტიკური საბჭოს უფროს მეცნიერ-თანამშრომელ იან ბრჟეზინსკისთან, აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტ კენ ვოლაკთან, აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ევრაზიის პროგრამების დირექტორსტივ ნიქსთან და ვაშინგტონში გავლენიანი ებრაული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ასევე, ზურაბ აბაშიძე დაესწრო ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლობით ღონისძიებას. შეხვედრებზე განხილულ იქნა საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულებები, გამოწვევები და ამოცანები. ასევე, ქართულ-რუსული ურთიერთობების პრობლემატიკა, ევროპასთან დაახლოების გზაზე გადადგმული პრაქტიკული ნაბიჯები, NATO-ში ინტეგრაციის კუთხით მიღწეული პროგრესი; საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და მათ გავლენას ქვეყნის უსაფრთხოებაზე.