logo_geo
eng_logo
სუს-მა საქმეებზე, რომელშიც, შესაძლოა, სამეგრელოს მაღალჩინოსნები ფიგურირებენ, გამოძიება დაიწყო
- +

13 ივნისი. 2018. 14:11

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა წითლიძის მიერ შეტანილი განცხადებების საფუძველზე გამოძიება დაიწყო.

 

უწყებაში ამბობენ, რომ სულ ხუთი განცხადებაა შესული, რომელთა ნაწილზე გამოძიება დაიწყო, ნაწილი კი ძველ საქმეებს დაურთეს, თუმცა მოხდა სამართლებრივი რეაგირება და მიმდინარეობს გამოძიება.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

ენმ-ის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძე ე.წ. მოდულის შენობაში გუშინ გამოიკითხა.

 

მისი მტკიცებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სამეგრელოში ადგილობრივი მაღალჩინოსნების კორუფციულ გარიგებებზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. წითლიძე ამბობს, რომ საუბარია ოთხ საქმეზე: „ყინულის სახლი“, კონტრაბანდა, მეოთხე საჯარო ბაღი, „თაუნ პარკი“.

 

მან პარტიის ადგილობრივ ოფისში რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ზუგდიდში კორუფციულ გარიგებებზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. საქმე კი ადგილობრივი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებსა და მათთან დაკავშირებულ საქმიანობას ეხებოდა.

 

თავის მხრივ, სუს-ის მიერ გამოძიების დაწყების შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში ინფორმაციას არ ფლობენ. გუბერნიაში აცხადებენ, რომ ადგილობრივი მაღალჩინოსნები ამ დრომდე გამოკითხვასა და დაკითხვაზე არავის დაუბარებია, თუმცა ასეთ შემთხვევაში, თითოეული მათგანი მზად არის, ნებისმიერ კითხვას პასუხი გასცეს.

 

„ნამდვილად არავის მოუმართავს დაკითხვის თაობაზე, თუმცა ნებისმიერი დასახელებული პირი, დაბარების შემთხვევაში, მზად არის, ყველა კითხვას გასცეს პასუხი. რაც შეეხება გამოძიების დაწყებას, როცა განცხადება შეაქვთ უწყებაში, თავისთავად, იწყება გამოძიება. თავად წითლიძის განცხადებები კი, მათ შორის, ბრალდებები სხვადასხვა საქმესა და ასევე, დაკითხვასთან დაბარების შესახებ ინფორმაცია, არის ტყუილი და აბსურდული. შეგვიძლია, იმ ობიექტებზე, რაზეც არის საუბარი, ერთად წავიდეთ და ვნახოთ. გუბერნატორი რეგიონში არის ძლიერი ფიგურა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ ამიტომ ებრძვის მას“,- თქვეს გუბერნატორის პრესსამსახურში.

 

გასულ კვირაში გუბერნატორმა ლევან შონიამ ენმ-ის სამეგრელოს ორგანიზაციის ლიდერს მურთაზ ზოდელავასა და ანა წითლიძეს „პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელებისთვის“ სასამართლოში უჩივლა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner