ბესო ხარძიანის შვილის ქეთი ხარძიანის განცხადებით, გია უდესიანის მონაწილეობა კუს ტბის წილების წართმევაში არაერთი მტკიცებულებით დასტურდება.
ქეთი ხარძიანის განცხადებით, საქმეში არიან მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ, რომ გლდანის ციხეში ბესო ხარძიანი სწორედ გია უდესიანის დავალებით აწამეს და წამების მთავარი მიზანი კუს ტბის წილების დათმობა იყო.
„მამაჩემი კუს ტბის წილებს არასდროს არ ყიდდა და არასდროს სურვილი არ ჰქონია, ეს წილები გაესხვისებინა. წილები იძულებით, წამების შემდეგ დაათმობინეს და ამის არაერთი მტკიცებულება არსებობს საქმეში, რომელზეც მე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვისაუბრებ", - განაცხადა ქეთი ხარძიანმა.
ქეთი ხარძიანი გია უდესიანის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც ბესო ხარძიანის და მაია ხარძიანი წილების ყიდვას უდესიანს სთხოვს, დამონტაჟებულს უწოდებს.
მისი განცხადებით, არასდროს მათ ოჯახს წილების გასხვისება უდესიანისთვის არ შეუთავაზებიათ და პირიქით, უდესიანი იძულებით ითხოვდა წილების დათმობას.
მან პროკურატურას მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ საქმეში ბრალდებულების, ალექსანდრე მუხაძის და გია უდესიანის დაკავება უახლოეს მომავალში მოხერხდება.
მისივე განცხადებით, სწორედ უდესიანის როლი იკვეთება ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეში.