„როგორც კი ინტენსიური წვიმა დაიწყო, მაშინვე ქალაქში დავიწყეთ გადაადგილება, რადგან უხვი ნალექის დროს ქალაქის სხვადასხვა სამსახურები ყოველთვის ახდენდნენ პატრულირებას და იმ ადგილებში მიდიოდნენ, სადაც მცირე წყალდაგუბებები იყო“, ასე იხსენებს თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია 2015 წლის 13 ივნისის სტიქიას ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში.
„13 ივნისსაც სწორედ ასე, ღამით მოგვივიდა ინფორმაცია, რომ მდინარე ვერეს კალაპოტში იყო წყლის დიდი მასა.
ღამის 11 საათზე ადგილზე მივედით და რთული სურათი დაგვხვდა. მდინარე ვერე სწრაფი ტემპით იმატებდა. სრული მობილიზება იყო გამოსაცხადებელი. ასეთი მასშტაბის სტიქიას არ ველოდით, რადგან მსგავსი რამ ისტორიის მანძილზე არ ყოფილა.
ეს იყო ჩემი პირველი სერიოზული გამოწვევა, რომლის წინაშეც დავდექი. ერთი წლის მისულიც არ ვიყავით მე და ჩემი გუნდი დედაქალაქის მერიაში. წელში ვიმართებოდით, როცა სტიქიამ გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა თბილისს.
თვენახევარში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ჩემპიონატი უნდა ჩაგვეტარებინა და სერიოზული სამზადისი მიმდინარეობდა, ამის შემდეგ კი მოგვიწია რესურსების გადმორთვა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე.
ინტენსიურ რეჟიმში ვიმუშავეთ სხვადასხვა სამსახურთან ერთად და ერთ მილიონ კუბამდე ჩამოსული მასა გავიტანეთ ქალაქიდან, ეზოებიდან და ზოოპარკიდან. პარალელურად მოსახლეობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე ვმუშაობდით.
დღესაც კი ამ ყველაფრის გახსენება და მოგონება ჩემთვის ძალიან რთულია. მოუშუშებელი ტკივილი და იარა, ძალიან მწარე მოგონებაა 13 ივნისი ჩვენი ქალაქისთვის“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.