logo_geo
eng_logo
ბაჩანა ბრეგვაძე - „ის მოკვდა ისე, რომ დაიბადა...“
- +

23 თებერვალი. 2016. 17:54


ბაჩანა ბრეგვაძე ქართველი ფილოსოფოსი, მთარგმნელი, მწერალი, საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი გახლდათ.


გამოქვეყნებული აქვს საკუთარი ფილოსოფიური, ფილოლოგიური შრომებისა და მსოფლიოს ფილოსოფიური, რელიგიური, ესთეტიკური სოციოლოგიური, ისტორიული თუ ლიტერატურული კლასიკის შედევრთა თარგმანების ათეულობით წიგნი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა დედნების ენიდან არის შესრულებული.


ბაჩანა ბრეგვაძე თარგმნიდა ძველი ბერძნული, ლათინური, იტალიური, ფრანგული, ესპანური, გერმანული, პორტუგალიური და რუსული ენებიდან.


სამწუხაროა, რომ 21-ე საუკუნეში გვყავდა ასეთი გენიოსი ადამიანი, თუმცა ბევრი ჩვენგანი მას არ იცნობდა. ეს, ალბათ, ჩვენი, მედიის ბრალიცაა, რომ მისნაირი ხალხი ხშირად მედიის მიღმა რღება.


ბაჩანა ბრეგვაძე ამა წლის 14 თებერვალს გარდაიცვალა. მწერალი ბოლო დროს გულისა და ფილტვების მწვავე უკმარისობით იყო ავად. იგი საავადმყოფოში ორი კვირის განმავლობაში იწვა და გამთენიისას, დაახლოებით 4-ის ნახევარზე გარდაიცვალა.


„ბაჩანა სხვა სტილის ადამიანი იყო, მას არ უყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, სხვანაირი მოღვაწეობა ჰქონდა იმთავითვე ჩაფიქრებული,  თავს ლიტერატურას უძღვნიდა, თუმცა სკოლებში და უნივერსიტეტებში შეიძლებოდა მისგან დამოუკიდებლად მასზე გვესაუბრა, სტატიები გვეწერა, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენი ინტერესები დღეს მაინც სხვა კუთხით არის მიმართული. ბაჩანა, გარდა იმისა, რომ იყო კარგი მთარგმნელი, იყო მნიშვნელოვანი მთარგმნელი, ის თარგმნიდა სხვადასხვა კულტურებიდან. ეს იყო ინდური, იტალიური, ლათინური და ა.შ. მას შემოჰქონდა ფილოსოფიური სივრცეები ქართულ არეალში. მე როგორც ვატყობ, ჩვენი ეროვნული სპორტია, რომ  მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ ვიცნობთ ასეთ ადამიანებს, ბევრი ფანტასტიკური ადამიანი დღესაც ცოცხალია და თუ მივაქცევთ ყურადღებას კარგი იქნება. ბაჩანა ბრეგვაძის გარდაცვალებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ამის სიმართლე - კარგი ხალხი სიკვდილის შემდეგ გახსენება. ვიცნობ მათ და ვიცი, რომ მატერიალურსა და ა.შ. არაფერს ითხოვენ, მაგრამ ნუ გეგონებათ, რომ ეს თავმდაბლობა გაქრობის სურვილს ნიშნავს. ყველას უხარია, როცა მათ ნაშრომს აფასებენ. ჩამოთვლას არ მოვყვები, მაგრამ, მაგალითად, დავით წერედიანი ცოცხალია, - ამბობს გიორგი კეკელიძე.


ასე იხსენებს ლევან გიგინეიშვილი: „ძალიან თავმდაბალი და საქმის მკეთებელი ადამიანი იყო, ფუტკარივით უამრავს შრომობდა, უზარმაზარი საქმეები გააკეთა და ეს რჩებოდა ჩრდილში. მე ჩემს კურსს საერთოდ ვერ წავიყვანდი, რომ არ მქონოდა პლატონი და მაკიაველი, უცხო ენაზე ვერ მივცემდი სტუდენტებს. ჩემთვის პირადად, ძალიან დიდი საქმე გააკეთა, პირველი ფილოსოფიური ტექსტი, რაც წავიკითხე, იყო მარკუს ავრელიუსის „ფიქრები" და ამის შემდეგ დავინტერესდი ამ ფილოსოფიით. პირადად არ ვიცნობდი, მხოლოდ ერთხელ ველაპარაკე და ვუთხარი, რომ უმისოდ მე კურსებს ვერ წავიყვანდი. ღირსეული ადამიანი იყო".



„უსასრულო საუნჯის მატარებელი" - ასე იხსენიებს დავით დეფი ბაჩანა ბრეგვაძეს ჩვენთან ინტერვიუში:


„მე მასზე წარსულში არ ვლაპარაკობ, იმიტომ, რომ სიტყვები არ კვდებიან, სიტყვები ცოცხლობენ სამუდამოდ. მისი საუნჯე, დაწყებული პლატონით და მთელი ამ საკაცობრიო სინათლის გავლით, მოტანილია დღევანდელ დღემდე. მან დატოვა სასწაულები. უსასრულოდ ბევრი და მნიშვნელოვანი ტექსტი ითარგმნა მის მიერ. რაც დარჩა, იქნება ყოველი მისი აღქმული და აღბეჭდილი სულში, გულში და გონებაში. ეს გადაეცემა შემდეგ თაობებს. მე არ ვთვლი, რომ მედიის ან ვინმეს ბრალია, ეს ასე ხდება, ვიღაც რჩება ყურადღების მიღმა, ვიღაც კი საყოველთაო ყურადღების ცენტრშია. ეს მათდამი დამოკიდებულების ბრალი უფროა. ასეთი ადამიანები ყოველთვის განსაკუთრებულ ბედს გადიან, მისი განსაკუთრებულობაც მის არჩევანშია, თუ რა გზა გაიარა და რა წიგნები დატოვა, ამიტომ მედია ახლა უფრო ამუშავდება მისი ნამუშევრების კვლევით. რაც ავიწყდებათ, შემდეგ ის იბადება ხელმეორედ და მუდმივობას სწორედ ის გადის, ამიტომ ბაჩანა ბრეგვაძე უკვდავებაში გადავიდა თავისი ახალი დაბადებით. ის მოკვდა ისე, რომ დაიბადა..."


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner