საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი გიორგი ვაშაძე ყოველთვის საინტერესო ოპონენტი იყო.
„გიორგი ვაშაძეს მე პიროვნულად ცუდ ადამიანურ რესურსად ნამდვილად არ ვთვლი. იმედია, „ნაციონალური მოძრაობა" მაგას მაინც არ იტყვის, ბალასტი მოვიშორეთო - არ იქნება ეს სწორი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემსა და გიორგი ვაშაძეს შორის განსხვავებული ღირებულებები და ხედვებიც არის, ზოგადად, ყოველთვის საინტერესო ოპონენტი იყო კამათის დროს. თუმცა, „ნაციონალური" სიხისტე მის გამოსვლებსაც ახასიათებდა. იმედია, ეს სიხისტე არ გამოჰყვება, როცა წამოვა „ნაციონალებიდან". სხვა მხრივ, თავის დროზე ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდა", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
კითხვაზე, ხომ არ აპირებს ფოფხაძის გუნდი გიორგი ვაშაძესთან თანამშრომლობას, დეპუტატმა განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" თუ ვიღაც ტოვებს და აქვს სურვილი მათთან თანამშრომლობის, ხელი რატომ უნდა ჰკრან?!
„თანამშრომლობა ზოგადად მიმაჩნია, რომ უნდა იყოს პოლიტიკურ სივრცეში, ყველა სუბიექტთან, ჩვენს ძველ პარტნიორებთანაც. „ნაციონალურ მოძრაობას" თუ ვიღაც ტოვებს და აქვს სურვილი ჩვენთან თანამშრომლობის, ჩვენ ხელი რატომ უნდა ვკრათ?! ეს პატარა ქვეყანაა და ყველა ადამიანური რესურსი, რომელიც ქართული სახელმწიფოს განვითარებას, მის საერთო გამარჯვებას ხელს შეუწყობს, უნდა იყოს ერთად. გიორგი ვაშაძესთან ადამიანურად არანაირი პრობლემა არ მაქვს. მასთან ბევრი საერთო მეგობარი მყავს", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.