logo_geo
eng_logo
მერაბ კოკოჩაშვილი: საოცარი ადამიანი იყო დოდო, მასთან ურთიერთობა მუდამ გინდოდა!
- +

5 მაისი. 2016. 18:12


 

 



მერაბ კოკოჩაშვილი დოდო აბაშიძეზე:


„ფილმისთვის „დიდი მწვანე ველი" ისეთი პიროვნება მინდოდა, რომელმაც მეუღლეს და შეიძლება, ქვეყანასაც, დანაშაული აპატია. ამ პატიების შედეგად, თვითონაც იმდენი შეცდომა დაუშვა, რომ ლამის განადირდა, ე.ი. მჭირდებოდა დამიანი, ვინც შეიძლება, ერთდროულად სიკეთით სავსე და ნადირიც იყოს. ამიტომ გადავწყვიტე, რომ სოსანა დოდო აბაშიძეს უნდა ეთამაშა. რა თქმა უნდა, დოდო ნადირი არ იყო, მაგრამ მას ჰქონდა ის ძალა, რაც მაგალითად, ლომს ან ვეფხვს შეიძლება ჰქონდეს. იმ პერიოდში მეორე გოგონა გამიჩნდა და ჩემს მეუღლეს, მანანას რძე არ ჰქონდა. მანანას შეკითხვაზე, - დოდოზე რძე გქონდათო? დოდოს დედამ, დეიდა ნინამ ასე უპასუხა: იმდენი მქონდა, შვილო, ეს ვირი რომ შასჭამდა, კიდევ კალოშებში ჭყაპუნობდაო. აი, ასეთი დოდო დაიბადა. მას შეეძლო, ნადირიც ყოფილიყო და სიკეთით სავსეც, ძლიერი პიროვნება გახლდათ. მის სახლში რომ მიხვიდოდი, გადაშლილი წიგნი იდო ან ლოგინზე, ან საწოლზე, ან მაგიდაზე - სულ კითხულობდა. ამავე დროს გადაღებების დროს მას არ უყვარდა იმ სიტყვების ისე გამეორება, როგორც სცენარში ეწერა. თავისებურად ამბობდა და გმირის სახე საოცარ სიცოცხლეს იღებდა.


დოდოს პოპულარობისა და მისდამი სიყვარულის ერთ ამბავს მოვყვები: ჩრდილო კავკასიაში გადაღებაზე ვართ. გადაკარგული ადგილია, გზიდან 10კმ-ში. ვინმე ვერტმფრენით ან ფეხით თუ ამოვა, სხვა გზა არ არსებობს. ერთ მშვენიერ დილას მეუბნება, - მერაბ, საქეიფოდ მეპატიჟებიანო. იქაც მიაგნეს. - როგორ აპირებ წასვლას-მეთქი? - აქ წერია, რომ ტრანსპორტსაც გამოგზავნიანო. უცებ ზარების ხმა გაისმა და დავინახეთ, აღმართში სამი ერთმანეთზე გადაბმული ვირი მოდის. დაჯდა დოდო და წავიდა. მეორე დღეს სიმღერ-სიმღერით, კაი ხასიათზე დაბრუნდა.
ინტელექტითა და იუმორით სავსე კაცი იყო. ბერლინში „დიდი მწვანე ველის" პრემიერა სხვა ქართულ ფილმებთან ერთად შედგა. პრესკონფერენცია გაიმართა, უამრავი ჟურნალისტი მოვიდა. დოდო არის ჩოხაში, არაჩვეულებრივად ლამაზია. ის შეკითხვებზე პასუხობს.
 ერთი ქალი ჩააცივდა: ბატონო დოდო, თქვენ ქართველი არტისტი ხართ, საბჭოთა კავშირიდან. გვითხარით, რას ნიშნავს სოციალისტური რეალიზმი?.. დოდოს პასუხის გაცემა არ უნდა. ჟურნალისტი რომ აღარ მოეშვა, მერე უთხრა: თავად მე ვარ სოცრეალიზმი, ნაციონალური ფორმით სოციალისტური შინაარსით. ხედავთ, რა მაცვია? ფორმით ნაციონალური ვარ. შემდეგ, საბჭოთა პასპორტი ამოიღო, - ეს კი არის სოციალისტური შინაარსი. ატყდა სიცილი, ყველაფერმა მშვენივრად ჩაიარა...


ერთხელ, დილით გადაღებაზე გასვლის წინ, დოდო ძალიან ცუდ ხასიათზეა, ჯუჯღუნებს. - კარგი, რა, დოდო, რა მოგივიდა, ხომ ხედავ, კარგი ამინდია, გადაღებაზე მივდივართ. რა გინდა?- რძე მინდა, - თქვა. სოფელში რძის მეტი რა იყო? გავიქეცით და მოვუტანეთ. დოდომ დალია, მაგრამ ისევ ჯუჯღუნებს. - რა მოხდა, ახლა რა გინდა, დოდო? - დედა მინდა, - თქვა სევდიანად.
საოცარი ადამიანი იყო, მასთან ურთიერთობა მუდამ გინდოდა".


 

 

წყარო: „გზა“

right_banner right_banner
არქივი
right_banner