პარლამენტის ვიცეს-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გარშემო მიმდინარე მოვლენები შეაფასა.
„ნაციონალურ მოძრაობას“ რამდენიმე მცდელობა ჰქონდა, რომ როგორმე ხალხის მობილიზაცია მოეხდინა სოციალურ თემებზე, საგარეო ურთიერთობათა თემებზე. ამიტომ, ეს არ არის მათი პირველი მცდელობა. თუმცა, თუ სერიოზულად გავაანალიზებთ სიტუაციას, ვნახავთ, რომ საზოგადოება აღარ იღებს ამ ფარსს. საზოგადოება უფრო ქმედით, უფრო საქმიან პაექრობას აძლევს უპირატესობას, თუნდაც პარლამენტში. ეს საზოგადოების დახვეწაზეც მეტყველებს, მაგრამ ვფიქრობ, ამ საზოგადოებას „ნაციონალური მოძრაობა“ მნიშვნელოვანწილად ჩამორჩა, რომლის ერთადერთი მიზანი და ამოცანა ტურბულენტური რყევების გამოწვევაა. ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი დაძაბულობა იყოს, რომ იქნებ ამ დაძაბულობის ფონზე რაღაც პოლიტიკურ მიზანს მიაღწიონ. როგორც ახასიათებდათ ყველაფრის მიმართ ანტისახელმწიფოებრივი დამოკიდებულება, ეს მათი ტრენდი ვერ შეცვალეს.
მათ წარმატება არ ექნებათ. ხელისუფლება, განსხვავებით იმ მოცემულობისგან, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს იყო, ვალდებულია არა მხოლოდ თავისი მხარდამჭერების, ნეიტრალური ხალხის მიმართ, არამედ ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერი საზოგადოების მიმართ, რადგან მათ არაფერი არ დაუშავებიათ, ახლა ხელისუფლება ამას აცნობიერებს და ამ პასუხისმგებლობით არის განმსჭვალული, განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისგან“, - განაცხადა ვოლსკიმ.