საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში თავის პროფესიასა და იმ სირთულეებზე ისაუბრა, რომელიც პარლამენტარობას მას ახლავს თან.
„პროფესიით გერმანისტი ვარ. პროფესიული არჩევანი - დასავლეთ ევროპის ფაკულტეტი, ორი მამიდის დიდი ბიბლიოთეკის გავლენით გავაკეთე. დიპლომატობა მინდოდა, მაგრამ მაშინ ეს ფაკულტეტი ჩვენთან არ იყო, თუმცა უცხო ენის ცოდნა, რის საშუალებასაც იძლეოდა და დასავლეთ ევროპის ფაკულტეტი სასტარტო პირობებისთვის ურიგო არ იყო.
რაც შეეხება კანონშემოქმედებით საქმიანობას, მარტივი ნამდვილად არ არის, თუმცა როგორც ერთმა ჩემმა იაპონელმა მეგობარმა მითხრა, არ შეიძლება, შენს პროფესიას უწოდო პროფესია, თუ ის არ გიყვარს. მე მიყვარს ჩემი პროფესია, მიყვარს ის საქმე, რასაც ვაკეთებ და თემები, რომლებზეც ვმუშაობ.
ამასთანავე, როცა საქმე ეხება შენს ქვეყანას, შენი სამშობლოს მშვიდობას და გაქვს მისია, რომ გადაწყვეტილება მიიღო, ეს უკვე პასუხისმგებლობასაც მოითხოვს“, - განაცხადა სესიაშვილმა.