logo_geo
eng_logo
„ფონდი ნატახტარი“: მზრუნველობამოკლებული ბავშვების და მოზარდების პრობლემის ეპისტოლეში ხსენება პრობლემის მოგვარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს
- +

5 მაისი. 2016. 18:21


 

 

„ფონდი ნატახტარი" ეხმაურება სრულიად საქართველოს პატრიარქის ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლეში გამოთქმულ მოსაზრებას მზრუნველობამოკლებული ბავშვებისა და მოზარდების პრობლემის მოგვარებაში საზოგადოების ჩართულობის გაზრდასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ პატრიარქის მიერ პრობლემის აქტუალიზაცია ხელს შეუწყობს მის მოგვარებაში მნიშვნელოვანი გარდატეხის მიღწევას.


კომპანია „ნატახტარის" კორპორაციული დირექტორის ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის განცხადებით: „მინდა, მადლობა გადავუხადო პატრიარქს სააღდგომო ეპისტოლეში მზრუნველობამოკლებული მოზარდების საკითხის დასმისთვის. „ფონდი ნატახტარი" უკვე 5 წლის განმავლობაში ეხმარება ზრუნვას მოკლებული მოზარდების გაძლიერებას - მათ განათლებასა და დასაქმებას, ამიტომ ჩვენ კარგად ვიცით ეს საკითხი და გვესმის პრობლემის სიღრმე. მინდა აღვნიშნო ბოლო პერიოდში დაწყებული კამპანიის „ყველა ბავშვი ოჯახში" მნიშვნელობაც. ვფიქრობ, ეს კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთი პრობლემის მოსაგვარებლად გაერთიანდეს სახელმწიფო, ეკლესია, ბიზნესი და სამოქალაქო სექტორი და ყველამ ერთად ხელი შევუწყოთ მოზარდების გაძლიერებას, იქნება ეს განათლების ხელმისაწვდომობა, დასაქმების პერსპექტივის შექმნა თუ ოჯახის გაძლიერება - ფონდი სამივე მიმართულებით აქტიურობს".

 

შეგახსენებთ, რომ სააღდგომო ეპისტოლეში საქართველოს პატრიარქმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო მზრუნველობამოკლებული ბავშვების პრობლემებს და საზოგადოებას, სახელმწიფოს და არასამთავრობო ორგანიზაციებს მათი თანადგომისკენ მოუწოდა. „უკვე 21 წელია ამ მიმართულებით იღვწის ჩვენი ეკლესია; სათანადო ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი, ხელისუფლება ამ თემაზე  კარგახანია სერიოზულად მუშაობს. ჩვენ მზად ვართ მომავალშიც, შესაძლებლობისამებრ, გვერდში დავუდგეთ მათ. უმეთვალყურეოდ  დარჩენილი პატარები ქუჩაში არ უნდა ცხოვრობდნენ და ამას მალე უნდა მივაღწიოთ".


ეკლესიას დიდი სურვილი აქვს, მზრუნველობა გაუწიოს იმ ახალგაზრდებს, რომელთაც ასაკის გამო ბავშვთა სახლებში აღარ აჩერებენ, წასასვლელიც არსად აქვთ და არც ცხოვრებისთვის არიან მომზადებულნი. „ჩვენ გამოვყავით როგორც ტერიტორია, ასევე შენობა და არასამთავრობო სექტორთან, ჯანდაცვის სამინისტროსა და მერიასთან თანამშრომლობით ვფიქრობთ, აქ გავხსნათ სახელობო-პროფესიული სასწავლებელი, სადაც 18 წლის გოგონებისა და ვაჟების გარკვეული რაოდენობა 23 წლამდე იცხოვრებს კიდეც და დამოუკიდებელი არსებობისთვისაც მოემზადება".


„ფონდი ნატახტარის" პროექტი „იზრუნე მომავალზე" 5 წლის განმავლობაში ეხმარება მზრუნველობამოკლებულ მოზარდებს მთელი საქართველოს მასშტაბით. არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი სახლი - საქართველოსთან" ერთად, ამ ხნის განმავლობაში უკვე დაიხარჯა 600 ათას ლარზე მეტი მზრუნველობამოკლებული მოზარდების განათლებისა და დასაქმების მიმართულებით. ფონდი კვლავ აგრძელებს თანხების შეგროვებას და მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრები მოზარდების მხარდაჭერის პროგრამას.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner