ვაზიანი-გომბორი-თელავის მიმართულებით მოძრაობა თავისუფალია, თუმცა სტიქიის ადგილზე ამ დრომდე სპეციალური ტექნიკა მუშაობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კახეთის საგზაო სამმართველოში განუცხადეს, უხვმა ნალექმა ცენტრალური გზის ორი მონაკვეთი დააზიანა, რის გამოც გუშინ რამდენიმე საათით მოძრაობა აიკრძალა.
„გადაუღებელმა წვიმამ მთაში ღვარცოფული პროცესები გამოიწვია და კლდის ნაშალი ჩამოიტანა. სანიაღვრე არხმა მოვარდნილი ქვა-ღორღის გატარება ვერ შეძლო და წყალი ცენტრალურ გზაზე გადმოვიდა. მძიმე ვითარება იყო ორ მონაკვეთზე, წუხელვე გავხსენით გზა, თუმცა ამ ეტაპზე გზის სრული გაწმენდა მიმდინარეობს“, - განცხადა კახეთის საგზაო სამმართველოს დირექტორმა თამაზ აბდულაშვილმა.
ადგილზე პრევენციის მიზნით მოძრაობას საპატრულო პოლიცია აწესრიგებს.