logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: პოლონეთმა წარმატებით განვლო ნატოსკენ, ჩვენ მივყვებით ამ ნაბიჯებს!
- +

5 მაისი. 2016. 21:48


პოლონეთი საქართველოსთვის არა მხოლოდ ნამდვილი მეგობარია, არამედ  არის მოდელი ქვეყანა ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე", - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პოლონეთის კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე შეკრებილ სტუმრებს.


მთავრობის მეთაურმა პოლონეთს ეროვნული დღესასწაული მიულოცა და საქართველო-პოლონეთის მეგობრობაზე ისაუბრა.


დღეს დიდი დღეა, რომელიც გახდა საფუძველი იმისა, თუ როგორია პოლონეთი დღეს. ჩვენ გვაქვს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის  ბრძოლის და ჩვენი მოქალაქეების უკეთესი მომავლისთვის ბრძოლაში გაღებული მსხვერპლის ერთნაირი რწმენა. პოლონელი ხალხის სიძლიერე და გმირობა სამაგალითო იყო საქართველოს მოქალაქეებისა და ყოფილი საბჭოთა სივრცის სხვა ხალხებისთვის. პოლონეთმა წარმატებით განვლო თავისი გზა ევროკავშირისა და ნატოსკენ და ჩვენ მივყვებით თქვენს ნაბიჯებს. ჩვენ გვაკავშირებს თანამშრომლობა უამრავ სექტორში. პოლონეთის გულუხვი დახმარება საქართველოსადმი კი, ჩვენი ინსტიტუციებისა და საკანონმდებლო სივრცის დემოკრატიზაციასა და ევროპეიზაციას ემსახურება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაგიხადოთ  საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერისთვის. გილოცავთ კონსტიტუციის დღეს!"- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.


გიორგი კვირიკაშვილს საზეიმო ღონისძიებაზე დასწრებისთვის მადლობა გადაუხადა პოლონეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ანჟეი ჩიეშკოვსკიმ და აღნიშნა, რომ პოლონეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში.


პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოში პოლონეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ საზეიმო მიღებას, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner