logo_geo
eng_logo
მურთაზ მამაგეიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციის მსხვერპლი გავხდი!
- +

19 ივნისი. 2018. 15:31

 

11 ივნისს ინგოროყვას კლინიკას პოლიციის მიერ „ნაცემმა“ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ნინო კვიტაიშვილმა მიაკითხა. სასურველი სამედიცინო დასკვნის დაწერაზე უარის მიღების შემდეგ, ტრავმატოლოგი მურთაზ მამაგეიშვილი პოლიტიკური შეხედულების გამო დისკრიმინაციაში დაადანაშაულა. შედეგად, 45-წლიანი სტაჟის მქონე ექიმი ნინო კვიტაიშვილის უახლოესი მეგობრის ნიკა გვარამიას მუქარის ფონზე ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა გოჩა ინგოროყვამ აზრის უკითხავად სამსახურიდან გაათავისუფლა. დღეისთვის მისი შემდგომი პასუხისმგებლობის საკითხს სამედიცინო რეგულირების სააგენტო სწავლობს.

 

მომხდარის დეტალებზე მურთაზ მამაგეიშვილი „ასავალ-დასავალს“ ესაუბრა.

 

„70 წლის კაცი ვარ და ასეთი შეურაცხყოფილი არასდროს ვყოფილვარ. 45 წელია ექიმი გახლავართ და ამ ხნის მანძილზე არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადამირჩენია, უამრავი პაციენტისთვის დაუფიქრებლად მიმიცია საკუთარი სისხლი. არასდროს მიკითხავს, ავადმყოფი ვინ იყო ან რას წარმოადგენდა! დღეს კი „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციის მსხვერპლი გავხდი! პროვოკაციისა, რომელიც მათ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად სჭირდებათ!

 

11 ივნისს კლინიკაში 16 წლის ვაჟი შემოვიდა ლავიწის ძვლის მოტეხილობით. სასწრაფო ოპერაციას ვაკეთებდი. დასრულებისკენ მიდიოდა ოპერაცია, როდესაც ემერჯენსიდან ჩემს ტელეფონზე ზარი შემოვიდა, სანიტარმა უპასუხა. მიმღებ განყოფილებაში მეძახდნენ პაციენტის გასასინჯად. ნინო კვიტაიშვილმა განმიცხადა, რომ ყველაფერი სტკიოდა. გამიკვირდა, რადგან ტრავმის დროს ადამიანებს გარკვეული დაზიანებული მონაკვეთი სტკივათ ხოლმე... გავსინჯე პაციენტი. მთლიანად დავუთვალიერე საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი და შედეგად, მხოლოდ სამ სანტიმეტრამდე დაწითლებული ორი პარალელური უბანი აღმოვაჩინე, რომელიც არამც და არამც დაჟეჟილობადაც კი არ ითვლება! მხოლოდ მცირე ზომის ჰიპერემიული უბანი, ანუ სიწითლე აღენიშნებოდა მარჯვენა მხრის ზემო მესამედში მედიალურ ზედაპირზე. ეს ყველაფერი ისტორიაში ჩავწერე. პაციენტი დაინტერესებული იყო, ისტორიაში დამძიმებული მდგომარეობა ჩამეწერა. რატომ გაქვთ ეს დაზიანება, ქალბატონო, რა მოგივიდათ-მეთქი? „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვარ, რუსთაველზე აქციაზე ვიყავი და პოლიციამ მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფაო... დავაწყნარე - ნუ გეშინიათ, არაფერი გჭირთ-მეთქი! ძალიან გაბრაზდა - რას ჰქვია, არაფერი არ მჭირსო? ერჩივნა, მოტეხილი ჰქონოდა ხელ-ფეხი. კვიტაიშვილი კლინიკაში იმისთვის მოვიდა, რომ ექიმს დაზიანება დაეფიქსირებინა და მერე პოლიტიკური მსვლელობა მიეცა. სასწრაფოსთვის უთქვამს, მთელი სხეული მტკივაო, ამიტომაც გადმოიყვანეს კლინიკაში. ნინო კვიტაიშვილს იმაზე მეტი გამოკვლევა ჩაუტარდა, ვიდრე ესაჭიროებოდა და აღმოჩნდა, რომ მართლა არაფერი სჭირდა. მიუხედავად ამისა, მადანაშაულებს, რომ ყურადღება არ მივაქციე და უხეშად მოვექეცი, რასაც ადგილი ნამდვილად არ ჰქონია!“ - განაცხადა მურთაზ მამაგეიშვილმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner