საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშს და მასში მოყვანილ ფაქტებს გამოეხმაურა, რომ არ ხდება პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებასთან დაკავშირებული ფაქტების გამოძიება.
მთავარი პროკურორის თქმით, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დაფიქსირებულ დარღვევაზე უსწრაფესად ხდება რეაგირება და შესაბამისი მტკიცებულების არსებობის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი დევნაც ხორციელდება.
„ვერ დავეთანხმები მოსაზრებებს, რომ რაღაცის გამოძიება არ მიმდინარეობს, ან ვიღაცა ვიღაცას ხელს აფარებს. პირიქით, ნებისმიერ ფაქტზე, სადაც მოქალაქეები მიუთითებენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების, სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლების მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, დაუყოვნებლივ ხდება რეაგირება და იწყება გამოძიება, შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში კი იწყება სისხლისსამართლებრივი დევნა. ამის სტატისტიკა არსებობს, ამაზე თვალის დახუჭვა და იმის თქმა, რომ არაფერი ხდება, უსამართლოა", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
შოთაძე ასევე გამოეხმაურა სამართალდამცავთა საქმეების გამოძიების მიზნით დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის საკითხზე არასამთავრობო სექტორის ინიციატივას.
„დამოუკიდებელ საგამოძიებო ორგანოს შექმნაზე მუშაობა მიმდინარეობს, ჩართულები არიან სახელმწიფო უწყებები, საქართველოს პროკურატურა. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, მდიდარი პრაქტიკა არ არსებობს მსგავსი საგამოძიებო ორგანოების და კარგი მსჯელობა გვმართებს", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.