logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: ვფიქრობ, კარგ დროს და კარგ ადგილას გამოჩნდა მამუკა ბახტაძე!
- +

20 ივნისი. 2018. 18:56

 

 

რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „რეპორტიორთან“ ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები შეაფასა.

 

ხაინდრავა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის თეა წულუკიანის პარლამენტის წინაშე გამოსვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის მხრიდან არასერიოზული კითხვები იყო გაჟღერებული.

 

- ექიმი რომ ფსიქიკურად დაავადებული ავადმყოფების განყოფილებაში ჩამოივლის ზუსტად ისეთი შთაბეჭდილება დატოვა ამ კითხვა-პასუხმა. ნორმალურად იმის აღქმა, რაც ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ფრთის მხრიდან, არ შეიძლება. ეს მეტყველებს იმაზე, რომ იქ ფსიქიკურად შეურაცხადი ადამიანები სხედან.

 

როცა საქმე ფსიქიატრიულ საავადმყოფოს ეხება, საზოგადოებაც ისე მიუდგება, როგორც გონებადაკარგულ ადამიანებს, მაგრამ როდესაც საქმე პარლამენტის ფრაქციას ეხება, სადაც არიან ადამიანები, რომლებიც კანონშემოქმედებაში მონაწილეობენ, პარტიაზე პრეტენზია გააჩნიათ და ბოროტად იყენებენ თავიანთ კავშირებს, განსაკუთრებით საზღვარგარეთ, დასავლეთში, ეს უკვე საგანგაშოა! ეს საკუთარ ნაჭუჭში, საკუთარ პიროვნულ პრობლემებში ჩაკეტილი ადამიანების ბოდვაა და მეტი არაფერი.

 

არცერთი სერიოზული შეკითხვა, არცერთი სერიოზული პრობლემა, არცერთი სერიოზული თემა, რომელიც ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ძალიან მნიშვნელოვანია - სოციალური იქნება ეს, პოლიტიკური თუ ეკონომიკური - არ დამდგარა დღის წესრიგში, არც უკითხავთ და არც დაინტერესებულან.

 

საქართველო განვითარების ძალიან სერიოზულ ეტაპზეა. პოლიტიკური ვითარებაც გარშემო, ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანია და ამ ფონზე სრული უმეცრება, სრული უცოდინრობა, უზრდელობა... ვინ არიან საერთოდ, რა უნდათ იქ, ვის წარმოადგენენ, ვის პრობლემებზე ლაპარაკობენ?! გოცირიძე, მელია, სამადაშვილი, ბოკერია... საერთოდ, რაზე ვლაპარაკობთ?! საზოგადოებასთან რიტორიკული შეკითხვა მაქვს - ამ დურდოს, ამ შიზოფრენიას როდემდე უნდა უყურონ?! ტკიპა, რომელიც გონებასა და ძალას სწოვს ამ ქვეყანას და მეტს არაფერს აკეთებს, როდემდე უნდა იყოს მიკრული ჩვენს ორგანიზმზე?!

 

- ბატონო გოგა, მამუკა ბახტაძის პარლამეტში გამოსვლას რაც შეეხება, ამ შემთხვევაში როგორ შეაფასებთ ოპოზიციის მხრიდან გაჟღერებულ კითხვებსა და მათ პოზიციას?

 

- ამ შემთხვევაში, უბრალოდ, უცოდინრობისა და უმეცრების ზეიმია. რომან გოცირიძე რომ რეტროგრადობასა და წარსულზე ლაპარაკობს, ეს მე-20 საუკუნის კომკავშირულ წლებში დარჩენილი კაცი, საერთოდ, რაზე უნდა ვილაპარაკოთ?!

 

ვფიქრობ, რომ ისეთი ინოვაციური მიდგომა სახელმწიფო ხედვისადმი, ქვეყნის მომავლისადმი, მისი განვითარებისადმი, ეკონომიკური განვითარების პროექტისადმი, როგორიც მამუკა ბახტაძეს აქვს, საქართველოში ჯერ არასდროს მომისმენია. სხვა საქმეა, რამდენად იქნება ეს ყველაფერი განხორციელებული და როგორ შემოვა ყველა ის იდეა, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ ამის არდანახვა, არშესმენა და არგაგება მეტყველებს იმაზე, რომ ოპოზიცია არის ბრმა, ყრუ და სრულიად გამოუსადეგარი! ის არის ლოდი, რომელიც ჰკიდია ამ ქვეყნის განვითარებაზე. რაც უფრო მალე გაათვითცნობიერებს საზოგადოება ამას და მოაშორებს ამ ლოდს ქვეყანას, მით უკეთესი იქნება. მადლობა ღმერთს, საზოგადოება არც ბრმაა და არც ყრუ. ყველა ადამიანს ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარი ყურით მოესმინა და საკუთარი თვალით დაენახა ის, რაც ხდებოდა.

 

სხვა საქმეა და, რა თქმა უნდა, ეს პირადად თქვენ არ გეხებათ, აბსოლუტურად უმეცარი, ბრმა, ყრუ და კიდევ უარეს დღეში მყოფი მედია!

 

- რას გულისხმობთ?

 

- სიუჟეტსა და კომენტარს რომან გოცირიძის გამონათქვამებზე რომ ააგებ, ესე იგი, რომან გოცირიძის გვერდით უნდა იყო, ერთი ჰაერით უნდა სუნთქავდე... ძალიან ტრაგიკული და მძიმე მდგომარეობაა, როცა ქვეყნის ოპოზიცია და მედიის უდიდესი ნაწილი ტვირთად დააწვა საზოგადოების განვითარებას. ვფიქრობ, სასწრაფო ზომებია მისაღები განათლებისა და გათვითცნობიერების კუთხით... პარტიულ რუპორზე, „რუსთავი 2“-ზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ ყველა დანარჩენი მედიასაშუალება, მათი მფლობელები იქნებ გონს მოვიდნენ და დაინახონ, რომ ჭაობში დგანან და იხრჩობიან ამ ჭაობში - ბოღმის, უცოდინრობის, უმეცრების, დაუნახაობის და ეს ძალიან სავალალო მდგომარეობაა! როდესაც საზოგადოება ამდენად გაასწრებს პოლიტიკურ-ოპოზიციურ სპექტრს და განსაკუთრებით მედიას, აქ მომავალი მაინცდამაინც ფერად ფერებში ძნელად წარმოსადგენია.

 

- ბატონო გოგა, თქვენ ახსენეთ მამუკა ბახტაძის იდეები და ხედვები... რა მოლოდინი გაქვთ, როგორ ფიქრობთ, შეძლებს მომავალი პრემიერ-მინისტრი ამ იდეების განხორციელებას?

 

- ყველაფერი კანონზომიერია, შემთხვევით არაფერი ხდება, ყველაფერი ექვემდებარება ღვთის განგებას, ცხოვრება წინ მიდის, ვითარდება და თავისთავად, ის, რომ ასეთი ინოვაციური ხედვების ადამიანი მოვიდა ხელისუფლების სათავეში, ძალიან სასიამოვნო და იმედის მომცემია.

 

იმედი მაქვს, რომ ბახტაძე შეძლებს ყველაფრის განხორციელებას. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები ამ ქვეყანაში იყო, არის და მომავალშიც იქნება, ქვეყანა წინ მიდის, ვითარდება და არსებობს სხვადასხვა მაჩვენებლები, რომლითაც ეს ყველაფერი იზომება.

 

რაც შეეხება დემოკრატიასა და პლურალიზმს, ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა ვართ არა მარტო რეგიონში, არამედ შეიძლება ევროპაშიც. თუმცა, ესეც ერთ-ერთი პრობლემაა, რადგან დემოკრატიის ხარისხისა და ეკონომიკური განვითარების იმხელა დაშორებაა, რომ ეს სირთულეებს ქმნის ქვეყანაში.

 

იმ შემთხვევაში, თუ მამუკა ბახტაძე შეძლებს ამ ხარვეზის გამოსწორებას, ამ მანძილს შეამოკლებს, არა დემოკრატიის, არამედ ეკონომიკის განვითარების ხარჯზე, ჩვენ მივიღებთ ძალიან კარგ სახელმწიფოს და იმედი მაქვს, რომ ჩემი შვილიშვილები უკვე ასეთ სახელმწიფოში იცხოვრებენ.

 

მე მჯერა ამის, რადგან დღეს, ისე როგორც არასდროს, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ძალიან სერიოზული გარღვევა მოახდინოს. მთელმა მსოფლიომ დაინახა, გაიცნო და იგრძნო ამ ქვეყნის პოტენციალი როგორც დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, ისე სახელმწიფოებრივი ნიჭით, ისტორიული გამოცდილებით, სწორი აზროვნებით - ძალიან ბევრი მონაცემია, რომელიც წინაპირობაა საქართველოს წინსვლის. ვფიქრობ, რომ კარგ დროს და კარგ ადგილას გამოჩნდა მამუკა ბახტაძე, რადგან სწორედ მისი თაობის ადამიანებმა უნდა განახორციელონ ეს გარღვევა.
ჩვენმა თაობამ, სამწუხაროდ, ეს ვერ შეძლო და ძნელად წარმოსადგენია, რომ ის პოლიტიკური წუმპე, რომელიც დღეს არსებობს ქვეყანაში, რამის გამკეთებელი იყოს. ამიტომ, გზა გავუხსნათ ახალგაზრდებს და ვფიქრობ, რომ მამუკა ბახტაძე ერთ-ერთი ყველაზე ნათელი სახეა ამ ახალგაზრდებში!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner