სპორტკომპლექს „არენას“ დარბაზში 20 ივნისს დასრულდა ცნობილი ჟურნალისტის, ზაზა დარასელის თასის ტრადიციული, მე-18 გათამაშება. ფინალში ერთმანეთის პირისპირ წარდგნენ ტელეკომპანია „იმედისა“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გუნდები. დაძაბულმა შეხვედრამ ძირითად დროში გამარჯვებული ვერ გამოავლინა 3:3, დამატებით დროშიც ფრე დაფიქსირდა და გამარჯვებულის გამოსავლენად გუნდებმა ხუთ-ხუთი თერთმეტმეტრიანი დაარტყეს. „იმედის“ ფეხბურთელებმა სამი ბურთის გატანა მოახერხეს, მეტოქემ მხოლოდ ორჯერ იხეირა. ამრიგად, რიგით მეთვრამეტე გათამაშების გამარჯვებულად ტელეკომპანია „იმედის“ ფეხბურთელთა გუნდი გამოცხადდა. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გამარჯვებულთა კაპიტანს დავით (კულა) სიხარულიძეს გადაეცა, რომელსაც იმ დღეს 42 წელი შეუსრულდა. ყველაზე კორექტული გუნდის ჯილდო გადაეცა „ტოიოტა კავკასიის“ გუნდს.