მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ყოფილი მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას ყოფილი პირველი მოადგილე დავით ჩხატარაშვილი გამოძიებასთან თანამშრომლობს.
„ჩხატარაშვილმა სასამართლო პროცესზე ისაუბრა წამების, არაადამიანური მოპყრობის, დანაშაულის პროვოცირებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე, რომელზეც ბრალდებულები იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ჭაკუა არიან და აღნიშნა, რომ კადრები დადგმული იყო.
ყველამ მოისმინეთ მისი სიტყვა სასამართლოზე და შეიძლება თამამად ითქვას, რომ იგი თანამშრომლობს გამოძიებასთან და სასამართლოსთან მოყვა ყველაფერი, როგორ მოხდა. პროკურატურაშიც დაიკითხა. შესაბამისად, პროცედურები გაგრძელდა", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
შეგახსენებთ, პროკურორის ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმემ დავით ჩხატარაშვილმა დეტალურად აღწერა ის თათბირი, რომელიც იმჟამინდელ იუსტიცის მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან გაიმართა და რომელსაც ჩხატარაშვილთან ერთად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის იმჟამინდელი ხელმძღვანელი დავით ჭაკუა ესწრებოდა.