სინოდის სხდომა, რომელზეც, გავრცელებული ინფორმაციით, პატრიარქის მოსაყდრის, შიო მუჯირის გადაყენებაზე უნდა ემსჯელათ, განსხვავებული შედეგით დასრულდა - შიო მუჯირი სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრით დააჯილდოვეს.
რა ჯილდოა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვარი
სკუფია თავსაბურავია. წვეტიანი, რბილი, შავი ან იისფერი ნაკეცებიანი ქუდი, რომელსაც ატარებენ მართლმადიდებელი ეკლესიის როგორც თეთრი, ასევე შავი სამღვდელოების მსახურნი. სკუფიაზე ბრილიანტის ჯვარი კი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოა.
ვის შეუძლია ბრილიანტის ჯვრის მიღება
ბრილიანტის ჯვარი მიტროპოლიტის ან ეპისკოპოსის წოდების მღვდელმსახურს შეიძლება მიენიჭოს. თეოლოგების განმარტებით, ეს წესები მკაცრად რეგულირებული არ არის.
პატრიარქმა ილია მეორემ თავისი მოღვაწეობის პერიოდში, მეუფე შიოს დაჯილდოებამდე, ბრილიანტის ჯვრით მხოლოდ 4 მღვდელმთავარი დააჯილდოვა. მათ შორის, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი; დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი და ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტი ისაია არიან.
ბრილიანტის ჯვრის უპირატესობები
თეოლოგმა და კანონიკური სამართლის სპეციალისტმა, ვლადიმერ ნარსიამ On.ge-ს განუმარტა, რომ ბრილიანტის ჯვრის მფლობელი მიტროპოლიტი უპირატესია სხვა მღვდელმთავრებზე, თუმცა ჯილდო არც დამატებითი უფლებამოსილებით და არც მოვალეობებით არ აღჭურვავს დაჯილდოებულ პირს.
„ამ შემთხვევაში პატრიარქმა ხაზი გაუსვა მეუფე შიოს უპირატესობას სხვა მიტროპოლიტებთან მიმართებით, რადგან მეუფე შიო გამორჩეულია მოსაყდრედ", - განაცხადა ნარსიამ.