„საქართველოს არ უნდა ეშინოდეს არაფრის, საქართველო გადარჩება და ბედნიერი იქნება", - ამის შესხებ დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართული წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას ბრძანა.
უწმინდესმა ქაშუეთის ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა, დღევანდელი დღე მიულოცა და წმინდა გიორგის ცხოვრების შესახებ ისაუბრა.
უწმინდესის თქმით, წმინდა გიორგის ცხოვრება არის საოცრება. მისივე განცხადებით, წმინდა გიორგი ქრისტიანულ ოჯახში აღიზარდა, იგი ძალიან უყვარდა დიოკლიტიანეს, რომლის მხედართმთავარი იყო, თუმცა ქრისტესადმი ერთგულების გამო შემდეგ წმინდა გიორგის მიმართ სიყვარული დიოკლიტიანეს სიძულვილად გადაექცა.
„წმინდა გიორგი არის სიმბოლო საქართველოსი. საქართველოს არ უნდა ეშინოდეს არაფრის, საქართველო გადარჩება და ბედნიერი იქნება, რადგან წმინდა გიორგის მეშვეობით ღმერთი იფარავს საქართველოს", - განაცხადა უწმინდესმა ქადაგებისას.