ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, პროგრამით „აწარმოე საქართველოში“ დაახლოებით 400-მდე პროექტია დაფინანსებული, ჯამური საინვესტიციო მოცულობა 900 მლნ ლარზე მეტია, ხოლო დასაქმებულია 15,000-მდე ადამიანი.
გიორგი ჩერქეზიშვილმა 24 ივნისს ბათუმში პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით შექმნილი კიდევ ერთი საწარმო გახსნა, რომელიც სამშენებლო მასალებს აწარმოებს.
„მსგავსი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონების განვითარებისთვის“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ აჭარის რეგიონში პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული კომპონენტის ფარგლებში, კომერციული სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებით სარგებლობს 14 კომპანია, რომელთა მხრიდან განსახორციელებელი ჯამური ინვესტიციის მოცულობა 25,5 მლნ ლარს აღემატება, ხოლო ბანკებიდან გაცემული სესხების მოცულობა 17 მლნ ლარს აღწევს. პროგრამის სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების ფარგლებში აჭარაში ამ დროისთვის 2 საშუალო და მაღალი სტანდარტის სასტუმრო ობიექტის მშენებლობა მიმდინარეობს.