ჩემპიონთა ლიგის 2015/2016 წლების გათამაშების ნახევარფინალური ეტაპი დასრულდა და სრულიად საფეხბურთო სამყარო ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალური დაპირისპირების მოლოდინშია. 2013/2014 წლების გათამაშების მსგავსად, მიმდინარე სეზონშიც, გადამწყვეტ მატჩში მადრიდული კლუბები დაუპირისპირდებიან.
ფინალისკენ მიმავალი გზა დიეგო სიმეონეს შეგირდებისთვის რთული გამოდგა. „ატლეტიკომ" C ჯგუფში „ბენფიკა", „გალათასარაი" და „ასტანა" დაჯაბნა და ეტაპი პირველი ადგილით გადალახა. 1/8-ფინალში მათ „პსვ" პენალტების სერიით გამოთიშეს, მეოთხედფინალში თითქმის წარმოუდგენელი მოახერხეს, „ბარსელონა" ორი მატჩის ჯამში 3:2 დაჯაბნეს, ნახევარფინალში კი მორიგი სენსაცია შემოგვთავაზეს და დაძაბული დაპირისპირებების მიუხედავად, „ბაიერნი" გამოთიშეს ასპარეზობას (2:2).
„რეალს" A ჯგუფში შედარებით რთული მეტოქეები - „პსჟ", „შახტარი" და „მალმე" შეხვდნენ, თუმცა „სამეფო კლუბი" პლეი-ოფში პირველი ადგილით გავიდა. 1/8-ფინალში მათ „რომა" გამოთიშეს (4:0), მეოთხედფინალში - „ვოლფსბურგი" (3:2), ნახევარფინალში კი - „მანჩესტერ სიტი" (1:0).
„რეალი" ელიტარული ლიგის ფინალში მეთოთხმეტედ გავიდა, საიდანაც 10-ჯერ თასის აღმართვა მოახერხა, „ატლეტიკო" კი ფინალში მესამედ მოხვდა, თუმცა აქამდე ოქროს მედლები მის ფეხბურთელებს არ რგებიათ.
„რეალის" ახალი მთავარი მწვრთნელის ზინედინ ზიდანის პირველივე სეზონი წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა ფრანგი მის დაგვირგვინებას და ჩემპიონთა ლიგის მოგებას გეგმავს, დიეგო სიმეონე კი, ისტორიის დაწერასა და ნანატრი ტიტულის „ატლეტიკოსთან" ერთად მოპოვებას კიდევ ერთხელ შეეცდება.
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალური დაპირისპირება 28 მაისს, მილანის სტადიონ „სან სიროზე", თბილისის დროით 22:45 საათზე აიღებს სტარტს.