logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: პარალელის გასავლებად ერთ ფაქტს გავიხსენებ...
- +

25 ივნისი. 2018. 01:00

 

 

ძალიან არ მინდოდა მონაწილეობა მიმეღო იმ "წიოკში", რაც მოჰყვა ბატონი გიორგი შენგელაიას "ცნობილ" გამოსვლას. მაგრამ დღესაც დაუმატა მორიგი "შედევრი" და...(https://www.facebook.com/rustavi2/videos/2028447357199339/

 

აშკარაა, ყველაფერი არ არის რიგზე და "რაღაცეები" დალპა "დანიის სამეფოში". ამ "წიოკმა" ისეთი სტარტი აიღო, ისე ვითარდება, რომ... უკვე მარაზმში გადავდივართ.

 

მტკივნეულად განვიცდი ამ ვითარებას, რამეთუ, ვიმეორებ არაერთგზის ნათქვამს: გიორგი შენგელაია არ არის ერთი უბრალო, ანგარიშარგასაწევი საშუალო ხელოვანი. მის ამ გამოსვლებს პრეცენდენტული მნიშვნელობა აქვს, თანაც ახალთაობებისთვის სამაგალითო, საფიქრალ-საანალიზო ხდება.

 

უდავოა: ამ უნიჭიერეს კაცს, უაღრესად საინტერესო, შინაარსიან და საამაყო ცხოვრებაგატარებულს, რა თქმა უნდა, აქვს უფლება ქონდეს საკუთარი აზრი. გამოიყენა ეს უფლება, გამოთქვა და აგრძელებს კიდეც ზოგისთვის მიუღებელ, ზოგისთვის აღტაცებამომგვრელი მოსაზრებების "ფრქვევას". თანაც ისე, რომ გულს ტკენს არა მარტო ყველაზე ახლობლებს, არამედ მისი ნიჭის დამფასებელ უამრავ ადამიანს.

 

მას უკიჟინებენ მორალისტები, რომლებსაც აქვთ თავისი კრიტერიუმები. მათაც აქვთ ამის უფლება და იყენებენ კიდეც უკიდეგანოდ...

 

რა ვქნათ? არადა არ არის ეს ჩვეულებრივი, რიგითი, თვალ და ყურასარიდებელი მოვლენა, ვითარება... არც ის არის გამოსავალი ყველაფერი გავამარტივოთ და დავაბრალოთ მავანის ასაკს... ან, შურს, ბოღმას, უმადურობას და კიდევ არაერთ სხვა "ახსნის გასაღებს".

 

ეგებ ღირდეს მოვიშველიოთ ერთი მრავლისმეტყველი ინგლისური მაქსიმა და შევეშვათ ამ "თემას": ყველა სჯის თავისი გარყვნილების საზომით (ქართული ხალხური შესატყვისი სიბრძნე:ყველა თავისი არშინით ზომავს)... ჰოდა, მოდით ამ მოვლენას- შენგელაიას საჯარო გამოსვლებს და მის "მსაჯულთა" ვიშვიშს შევხედოთ სწორედ ამ მაქსიმის პრიზმით.

 

თუმც პირადად მე, პარალელის გასავლებად, ერთ ფაქტს გავიხსენებ, რომლის მსგავსი ჩვენს უახლეს ისტორიაში ბევრი არ მოიპოვება:

 

თავის დროზე ცნობილმა ქართველმა მსახიობმა ნოდარ მგალობლიშვილმა საჯაროდ(!) უარი(!) განაცხადა პრეზიდენტ შევარდნაძისგან მიეღო "ღირსების ორდენი" და მასთან დაკავშირებული პრივილეგიები. მიახლოებით ვიხსენებ მოტივაციას: ვერ მივიღებო ჯილდოს იმ ქვეყნის ხელისუფლებისგან, რომელიც ადამიანებს აცხოვრებს ისეთ პირობებში, რომლის დროსაც ღირსებაზე საუბარი ღიმილის მომგვრელია.

 

ეს იყო ზნეობრივი ნაბიჯი!

 

უფრო მეტიც, ეს იყო ზნეობრივი გმირობის ტოლფასი ნაბიჯი, რომლითაც კრისტალური სიწმინდით ცნობილმა მსახიობმა და მოქალაქემ ნებსით თუ უნებლიედ სილა გააწნა არსებულ რეჟიმს.

 

მაშინაც გაიყო საზოგადოებრივი აზრი ამ ნაბიჯის საფუძვლიანობასა და მართებულობის თაობაზე, მაგრამ ჩემთვის ბატონი ნოდარის ეს გადაწყვეტილება და გამოხატვის ფორმა პირადი და მოქალაქეობრივი პოზიციის სამაგალითო, თვალნათელი გამოხატვა გახლდათ. სხვათაშორის, შემდგომაც უღირსულესად მოიქცა: თავი აარიდა ტელეკრანებზე, რადიოეთერსა და ბეჭდვითი მედიის ფურცლებზე "სეირნობას" და"კეკლუცობას", გულზე ხელის ბრაგუნით თავმოწონებას, ნახეთ ეს რა მაგარი "ბიჭი" ვარო...

 

გავაგრძელო?

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner