„24 ივნისის არჩევნებზე დემოკრატიამ გაიმარჯვა“, - ამის შესახებ რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომელმაც თურქეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე გაიმარჯვა.
„წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენ გავიგეთ ჩვენი მოქალაქეების მესიჯები. დარწმუნებულნი იყავით, ჩვენ გამოვასწორებთ ჩვენს მიერ დაშვებულ შეცდომებს. დღეიდან ჩვენ მუშაობას შევუდგებით და ჩვენი ერისთვის მიცემულ დაპირებებს შევასრულებთ“, - განაცხადა ერდოღანმა თავის წინასაარჩევნო შტაბში სიტყვით გამოსვლისას.
მან ასევე განაცხადა, რომ თურქეთი განაგრძობს ბრძოლას ტერორისტულ დაჯგუფებებთან.
„ჩვენ გავათავისუფლებთ სირიის ტერიტორიებს ტერორისტებისგან, რათა სირიელებმა შეძლონ იქ დაბრუნება. ამგვარი პოლიტიკა გააუმჯობესებს და გააძლიერებს თურქეთის პოზიციებს საერთაშორისო არენაზე“, - აღნიშნა ერდოღანმა.
ამასთან, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ „თურქმა ხალხმა გაკვეთილი ჩაუტარა მათ, ვისაც სურთ, რომ თურქეთი მუხლებზე დადგეს“.
გუშინ თურქეთში გამართულ რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ამომრჩეველთა ხმების 52,5% მიიღო, ხოლო მისმა პარტიამ „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“ - 42,5%.