„დაიკითხა ყველა პირი და ყველას ვესაუბრეთ, ვისაც რაიმე ღირებული ინფორმაცია გააჩნდა“, - ასე უპასუხა ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის ოთარ კახიძის კითხვას შსს-ს წარმომადგენელმა კახა სირაძემ.
ოთარ კახიძე კახა სირაძისგან დაინტერესდა, თუ როგორ მიმდინარეობდა პირველ დღეებში გამოძიება და გამოიკითხა თუ არა ყველა პირი, ვისაც, შესაძლოა დაენახა ინციდენტი.
„მაინტერესებს, რატომ თქვით უარი ფასეული მოწმეების დაკითხვაზე, მათ შორის ისეთი პირების დაკითხვაზე, რომლებიც ღიად და საჯაროდ ტელევიზიებს აძლევდნენ კომენტარებს და საუბრობდნენ, თუ როგორ დაინახეს ჩხუბი და მკვლელობა. მაგალითისთვის მოგიყვანთ ნიკა ვაჩეიშვილისა და მერაბ ჯაყელის კომენტარებს. სისხლის სამართლის საქმეში მერაბ ჯაყელი საერთოდ არ არის დაკითხული, რატომ?“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.
როგორც კახა სირაძემ აღნიშნა, ნიკა ვაჩეიშვილის მეუღლე დაკითხულია.
„მან ასახა ის გარემოებები, რასაც ასახავდა მეუღლე. რას შეცვლიდა ვაჩეიშვილის დაკითხვა ისეთს, რაც გამოძიებისთვის არ იყო ცნობილი? გამოძიებამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც დაფიქსირებულია საქმეში“, - განაცხადა კახა სირაძემ.
„ევროპული საქართველოს“ კიდევ ერთმა წევრმა ირაკლი აბესაძემ საქმის პროკურორს ზვიად ფხაკაძეს მიმართა, რატომ დაიკითხა პირველ დღეს მხოლოდ 4 თვითმხილველი.
ზვიად ფხაკაძემ უპასუხა, რომ უნდა იცოდნენ, მოწმე რა ინფორმაციის მატარებელია და ამიტომ ხდება მოწმეთა განსაზღვრა.
„თუ მოწმეთა დაკითხვას გადავხედავთ, არც ერთი მათგანი არ ამბობს, ვინ დაარტყა დანა და ვინ მონაწილეობდა მკვლელობაში. ხსენებული პირები არ არიან იმ ინფორმაციის მატარებლები, რომ დაენახათ, გ.ჯ-ს ჰქონდა თუ არა დანა, იყო თუ არა სისხლიანი და ა.შ. მიუხედავად ამისა, ეს პირები მაინც დაიკითხნენ“, - განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.