logo_geo
eng_logo
„მთავარი რეკომენდაციები...“ - პაატა იმნაძე ზაფხულის დაავადებებთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს!
- +

25 ივნისი. 2018. 15:35

 

„ზაფხულის ცხელი დღეები და  მაღალი ტემპერატურა, როცა ის  დღეების განმავლობაში გრძელდება, პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. იწვევს როგორც გარკვეული დაავადებების ჩამოყალიბებას, ისე უკვე არსებულის გამწვავებას“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

„სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის. მაღალი ტემპერატურით გამოწვეული მთავარი რისკებია: დეჰიდრატაცია, გაუწყლოვნება, ორგანიზმში წლის დეფიციტი;  გადახურება, რომელმაც შესაძლოა, გააუარესოს გულის დაავადებებისა და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა; სითბური გამოფიტვა; სითბური დაკვრა. ვერ ვიტყვით, რომ საქართველოში გვქონია შემთხვევა, როდესაც მაღალი ტემპერატურის გამო ფატალური შედეგი დამდგარა, მაგრამ გვქონია შემთხვევები, როდესაც მაღალ ტემპერატურას გამოუწვევია ფატალური შედეგი, ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტისთვის. იმას ვერ ვიტყვით, მამაკაცები  უფრო იტანენ სიცხეს თუ ქალები, ბიოლოგიური თვალსაზრისით სპეციფიკური განსხვავება არ არსებობს, რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან ხანშიშესული ადამიანები და პატარა ბავშვები, მათ  ყველაზე მეტად სჭირდებათ მაღალი ტემპერატურისგან მორიდება. ჩვენ სამხრეთის ქვეყანა ვართ, ტემპერატურას 40 გრადუსამდე კარგად ვუძლებთ. აი, 42 გრადუს ტემპერატურაზე უკვე გვიჭირს. უფრო მაღალი ტემპერატურა ჩვენთან  იშვიათადაა, საღამოები მაინც გვაქვს გრილი. სამი დღე მაინც უნდა იყოს 42 გრადუსი, რომ სითბური დაკვრის ტალღამ მოიმატოს, მზის დაკვრა ჩვენთან უფრო ხშირია. მთავარი რეკომენდაციები, რასაც მუდმივად ვაძლევთ მოსახლეობას - უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე, არ დაელოდოთ მოწყურებას. ეცადეთ, საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. თუ ამისი საშუალება არ გაქვთ, შეეცადეთ, დღის რამდენიმე საათი გაატაროთ საზოგადოებრივ შენობებში, მაღაზიებში, სადაც ჰაერი კონდიციონერით გრილდება“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

აქვე, პაატა იმნაძემ მწვავე ინფექციურ დაავადებებთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

 

„ზაფხულის ცხელი პერიოდის დადგომისთანავე მნიშვნელოვნად მატულობს მწვავე ინფექციური  დაავადებების რისკი. მაგალითად, ჩვეულებრივზე 25-ით იზრდება მწვავე დიარეული დაავადებების შემთხვევები. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, დიარეული დაავადების 50%-ზე მეტი ზაფხულობით რეგისტრირდება, რაც დაკავშირებულია გარემოში მაღალ ტემპერატურაზე პათოგენური მიკრობების ცხოველმყოფელობის გაძლიერებასთან. დიარეით მიმდინარე დაავადებათა, საკვებისმიერი ინტოქსიკაციების მაღალი მაჩვენებლები ზაფხულის პერიოდში ფიქსირდება როგორც ერთეული, ისე ეპიდაფეთქებების, ჯგუფური შემთხვევების სახით. ეპიდაფეთქებები უმეტესად უკავშირდება დაბინძურებული სასმელი წყლის მოხმარებას და მასიურ სუფრებზე არასწორად მომზადებულ-შენახული საკვების მიღებას.  ასევე, საკმაოდ მაღალი რისკია ნაწლავთა ინფექციების – სალმონელოზი, კამპილობაქტერიოზი, ნოროვირუსული ინფექციები, რომელსაც ხშირად მოსახლეობაში ენტეროვირუსს უწოდებენ, თუმცა ეს არ არის კლასიკური ენტეროვირუსი, ამ   დაავადების ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება ზაფხულში, როცა  ავადობა პიკს აღწევს. მოზრდილებში  დიარეა რთულად არ მიმდინარეობს, ის უფრო მწვავეა და მისი მიმღებლობა მაღალია პატარა ბავშვებში, 2-დან 3 წლამდე. 

 

ნაწლავური ინფექციების გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ჰიგიენური ნორმები და მისი პრევენციაც ამ ნორმების დაცვაა. ზღვაზე, როცა დედები მზეს არიან მიფიცხებული და შვილისთვის ძირითადად არ სცალიათ, ბავშვმა შეიძლება პირში ჩაიდოს კენჭი და ინფექციური პრობლემაც გაჩნდეს. ბავშვს ზღვაზე ხელებს ვერ დავბანთ, მაგრამ ჰიგიენური ხელსახოცით ძალიან ხშირად უნდა გავუწმინდოთ. იგივე პრობლემა შეიძლება მოზრდილ ადამიანსაც გაუჩნდეს. პირადი ჰიგიენის წესების დაცვის გარდა, მნიშვნელოვანია პროდუქტების შენახვის პრობლემაც, რაც ზაფხულში განსაკუთრებით აქტუალურია. თუ პროდუქტი მაცივარში არაა შენახული, საკმარისია მასში 1-2 მიკრობი მოხვდეს, ის მაღალ ტემპერატურაზე  აუცილებლად გამრავლდება. მწვანილს შეიძლება ყოველთვის ჰქონდეს   მიკრობი, მაგრამ მას თუ ცალკე მივიღებთ, არაფერს არ დაგვიშავებს,  მაგრამ, როგორც კი ის მოხვდება არაჟანში ან მაიონეზში საკვების მომზადების პროცესში, უკვე პრობლემად იქცევა. მწვანილის ერთი უსაფრთხო მიკრობი მაიონეზიან საკვებში 20 წუთში ერთხელ ორმაგდება. შესაძლოა, სუფრაზე მაიონეზიანი საჭმელი მიიტანონ, სუფრის დასაწყისში მჯდომმა შეჭამოს, არაფერი დაემართოს და სუფრის ბოლოში მჯდომი  ამ საჭმლით ავად გახდეს. მიკრობს უყვარს  მაიონეზი, სუფრაზე 4 საათის განმავლობაში საკვებში მიკრობები ისეთ რაოდენობას მიაღწევს, რაც სრულიად საკმარისია, რომ ადამიანი დაავადდეს. სწორედ ამიტომ სჭირდება ასეთი პროდუქტების შენახვისა და დამზადების წესებს განსაკუთრებული დაცვა, მაიონეზითა და არაჟნით მომზადებული სალათები უმჯობესია მაშინ მივირთვათ, თუ მაცივრიდან ახალი გამოღებული და ცივია“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner