logo_geo
eng_logo
რა სახის კოღოები და ტკიპები გაჩნდა საქართველოში და რა საფრთხე შეიძლება მოდიოდეს მათგან
- +

25 ივნისი. 2018. 18:48

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში კოღოს იმ სახეობებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველოში ბოლო პერიოდში გამოჩნდა.

 

„გლობალური დათბობის პრობლემებთან ერთად იცვლება გადამტანი მწერების გავრცელების არეალები. ევროპის სამხრეთ ქვეყნებში, როგორც ხმელთაშუა, ისე შავი ზღვისპირეთში, რამდენიმე წლის წინათ გაჩნდა კოღო აედეს ეჯიპტი, რომელიც საერთოდ არ იყო. ეს კოღო საქართველოში ბოლოს ნაპოვნი იყო აფხაზეთში 80-იან წლებში. ხუთი წელიწადია, ეს კოღო ჩვენთანაც გამოჩნდა. მან შეიძლება გადაიტანოს ის ეგზოტიკური დაავადებები, რომელიც ტროპიკულ ქვეყნებშია გავრცელებული. მეორე ასევე იშვიათი ჯიშის კოღოა ალბოპიქტუსი, რომელიც საქართველოში არასდროს ყოფილა აღწერილი, მაგრამ ამ სახეობის კოღოც გამოჩნდა. ასეთივე სიტუაციაა ევროპის სამხრეთში. ზოგ კოღოს ერთი დაავადება გადააქვს, ზოგს – მეორე, მათზე მუდმივი მეთვალყურეობაა საჭირო, მუდმივად უნდა იყო ინფორმირებული, რომელი სახეობის კოღო გყავს და შესაბამისად, რა დაავადების გავრცელების საფრთხე გაქვს ქვეყანაში.             

 

ჩვენთვის, ასევე, საინტერესოა ფლებოტომუსი, იგივე მოსკიტი, რომელთაც გადააქვთ ლეიშმანიოზი. ეს არის პარაზიტული დაავადება, მისი ერთ-ერთი ფორმა ხასიათდება ხანგრძლივი ცხელებით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით. ადრე ფლებოტომუსი მარტო აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში, ქვემო ქართლში, თბილისში გვხვდებოდა, ახლა ფლებოტომუსი ქუთაისშიც გაჩნდა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

აქვე, იმნაძემ ტკიპების იმ სახეობებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველოში არის გავრცელებული და რომლებსაც სხვადასხვა სახის დაავადებები გადააქვთ. 

 

„ბუნებაში ყველაფერი იცვლება, მათ შორის მწერების გავრცელების არეალებიც. ამას ემატება ტკიპები, რომლებიც ძალიან საშიში დაავადების გადამტანი შეიძლება იყოს. ის ტკიპა, რომელიც ცხოველებს, ძროხებს ჰყავთ, როგორც წესი, განსაკუთრებით საშიში არ არის. საქართველოში ტკიპის ძალიან ბევრი სახეობაა. მათ შორის 2-3 სახეობაა, რომელსაც შეუძლია გადაიტანოს ყირიმ-კონგო, ლაიმის ბორელიოზი. ყირიმ-კონგოს ცხელების  უმეტესი შემთხვევები დაფიქსირდა იმ ადამიანებში, ვინც ძროხებს უვლიან. როგორც მათ თქვეს, ხელით მოაცილეს ცხოველს ტკიპა. ბორელიოზი, ანუ ლაიმის დაავადება აქტუალური ზაფხულის პერიოდში ჩნდება, მაშინ როდესაც მრავლდება ტილები და ტკიპები. მათი გადამტანი ტკიპები ბინადრობენ ბუნებაში, სიმწვანეში, პრაქტიკულად ყველგან არიან აღმოსავლეთ საქართველოში. ასევე, დაფიქსირდა თბილისშიც, დასავლეთ საქართველოში ბორელიოზის გადამტანი ტკიპები ჯერ არ გვაქვს ნაპოვნი, მაგრამ ყირიმ-კონგოს გადამტანი ტკიპები იმერეთსა და რაჭაში არის“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner