ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა მუშაობა დაიწყო ვეტერანების მომზადება-გადამზადების პროგრამაზე, რომელიც ითვალისწინებს მათ გადამზადებას კვალიფიკაციის მიხედვით. თითოეულ ვეტერანს აქვს შესაძლებლობა, მოხვდეს ამ პროგრამაში. ამის შესახებ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ რადიო „პირველის" „ღია სტუდიაში" ისაუბრა. ასევე განმარტა გადამზადების შემდგომი პროცესი.
„თითოეულ მათგანს აქვს ბაზისი, რომ მოხვდეს ვეტერანების გადამზადების პროგრამაში. რაც შეეხება ამ ყველაფრის გამოყენებას, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებში ვეტერანთა შემადგენლობა ფართოდ გამოიყენება შიდა სახელმწიფოებრივი პროდუქციის შესაქმნელად, ეს არის სამხედრო სამრეწველო კომპლექსი, სოფლის მეურნეობის კომპლექსი და სხვადასხვა მიმართულება", - განაცხადა კობალაძემ.