რამდენიმე ამონარიდი მეუფე შიოს საკვირაო ქადაგებიდან:
„დღეს წმინდა ეკლესია გვიკითხავს სახარებას იესოს მიერ ასისთავის მსახურის განკურნების შესახებ. ეს მონაკვეთი მნიშვნელოვანია, რადგან ის გვასწავლის თუ ვინაა ნამდვილი ქრისტიანი, როგორი განწყობა უნდა ჰქონდეს, რომ მისი ლოცვები შეისმინოს უფალმა. დღევანდელი სახარებიდან ვსწავლობთ, როგორი განწყობა უნდა ჰქონდეს მლოცველს. სახარების გმირი ასისთავი იყო ბატონ პატრონი საკუთარი ქალაქის. გამორიცხული იყო იქ რაიმე აჯანყება ან რევოლუცია მომხდარიყო. ასისთავს შეეძლო ქალაქის მართვა და სრული უფროსი იყო. ამის მიუხედავად ის მოდის იესოსთან, რადგან იცის, რომ მკურნალია და უფალს მსახურის გამოჯანმრთელებას სთხოვს. უფალი ამბობს, რომ განკურნავდა მას, რადგან მან ნახა, რომ ასისთავს ჰქონდა რწმენა სიმდაბლე და დაპირდა, რომ მის სახლში მივიდოდა. ასისთავი კი პასუხობს „არა უფალო, მე არა ვარ ღირსი, რომ შენ ჩემ სახლს მოხვიდე მხოლოდ ერთი სიტყვა თქვი და ვიცი ის განიკურნება.” რა არის ამ სახარებიდან გაკვეთილი, რა ჰქონდა ასისთავს? განსაკუთრებული რწმენა, რომ უფალია ყოვლისშემძლეა და შეუძლია მსახურის განკურნება. ასისთავი არ იყო მონათლული, მაგრამ ქრისტე ხედავს, რომ მასში ქრისტიანული მარცვალი არის და ჰპირდება განკურნებას. მეორე თვისებაა სიმდაბლე, ასისთავი ამბობს, რომ ის არაა ღირსი, რომ იესო მის სახლში შემოვიდეს. საკუთარი უღირსების შეგრძნება უფლის წინაშე არის საწინდარი, რომ უფლის თხოვნები შეგვისრულოს.
დიდ სიყვარულს ვხედავთ ამ ადამიანში. ასისთავი მსახურის გამო მიდის ქრისტესთან. დღესაც იშვიათია, რომ ჯარის მეთაური თავად წაყვეს ექიმთან მის ჯარისკაცს. მეთაური უფრო ბრძანებას გასცემს, რომ მიიყვანონ საავადმყოფოში. ის უბრალოდ ბრძანებას გასცემს. დღესაც ხშირია მსგავსი რჩევები, მოიარე ეკლესია ფეხშიშველმა, მოიარე სალოცავები, ჩაატარე რიტუალები, ასე გვგონია, რომ რიტუალების აღსრულებით ვემსახურებით ქრისტეს. რამდენი რიტუალიც არ უნდა შეასრულო, თუ ეს მხოლოდ გარეგნულადაა სწორად ჩატარებული, უფალი წყალობას ვერ მოგცემს. ან მწირ წყალობას მიიღებთ, რადგან ღმერთს უყვარს ყველა ადამიანი. ამაზე დავფიქრდეთ, რამე ხომ არაა ცხოვრებაში, რაც უნდა შევცვალოთ. ესაა პირადი, თუ თუნდაც საქვეყნო საქმეები.
როდესაც გვაქვს სიძულვილი, უსიყვარულობა უფალი ჩვენს თხოვნას არ შეასრულებს. შეიძლება სიძულვილის ნაცვლად იყოს გულგრილობა. თქვენც ვხედავთ, როგორი ხშირია, როცა მასმედიაში და სოციალურ ქსელებში ვხედავთ ასეთ დიდ უსიყვარულობას, მოუფრთხილებლობას, სისასტიკეს, უხეშობას, უცენზურობას. აფექტის დროს შეიძლება წამოსცდეს ადამიანს მსგავსი სიტყვები, მაგრამ როცა წერს სოციალურ ქსელში ტექსტს, რომელიც სავსეა ზიზღით, როგორ შეიძლება ღმერთმა ასეთი თხოვნა შეუსრულოს, რა თქმა უნდა არა. ასეთ ადამიანს შეიძლება მხოლოდ ჰქონდეს გამოხატვის თავისუფლება. ამითი იყოს კმაყოფილი, რომ ის ამ თავისუფლებას, როგორც თავად ჰგონია, ახორციელებს, მაგრამ სინამდვილეში ესაა მონობა. თავისუფლებაა, როდესაც დავძლევთ ჩვენს სიძულვილს, უხეშობას, უკულტურობას და ვიმარჯვებთ ამ თვისებებზე. შემდეგ ვიღებთ ღვთის მადლს".