ავტორი ალა გრიგალაშვილი
„დამოუკიდებელ სტუდენტთა მოძრაობა" საერთო სტუდენტური პლატფორმის ჩამოყალიბების ინიციატივით გამოდის. „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე „დამოუკიდებელ სტუდენტთა მოძრაობის" წევრმა თამარ ნადარეიშვილმა საერთო სტუდენტური პლატფორმის მიზნებზე ისაუბრა, ესენია:
1. აქტიური სამუშაო პროცესის წარმართვა განათლების რეფორმასთან დაკავშირებით ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით;
2. უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში არსებული მდგომარეობის შესწავლა, ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად;
3. დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით სტუდენტური საზოგადოების ხედვების და ინიციატივების წარმოჩენა;
4. საკანონმდებლო ცვლილებების და რეფორმის პაკეტის მომზადება ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებთან წარსადგენად.
„მოვუწოდებთ სტუდენტურ ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და განსაკუთრებით საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ჩაერთონ ამ პროცესში.
ასევე გამოვდივართ ინიციატივით, 2016 წლის 14 ან 15 მაისს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართოს სტუდენტური პლატფორმის მოსამზადებელი კონფერენცია, სადაც ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად განხილულ იქნება და მომზადდება ერთიანი სამოქმედო გეგმა", - განაცხადა ნადარეიშვილმა.
საუნივერსიტეტო საზოგადოების ინფორმირების მიზნით, „დამოუკიდებელ სტუდენტთა მოძრაობის" მიმართვა ყველა უნივერსიტეტს გადაეგზავნება.