სკოლის მოსწავლეებში თამბაქოსა და ალკოჰოლის, ასევე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების მაჩვენებელი საქართველოში საგანგაშოა.
ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკის მოხმარების შემსწავლელი ევროპის სასკოლო კვლევის მიხედვით:
ქართველ მოსწავლეებში სიცოცხლის განმავლობაში თამბაქოს მოხმარების გავრცელება 43%-ია.
საქართველოში მოსწავლეთა 22%-მა თრობა 13 წლის, ან უმცროს ასაკში გამოსცადა.
მოსწავლეების 11%-ს ერთხელ მაინც აქვს გასინჯული მარიხუანა ან ჰაშიში.
მოსწავლეთა 14%-მა აღნიშნა, რომ უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში ფულზე უთამაშია.
როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ლელა სტურუამ რადიო „ფორტუნასთან“ განაცხადა, საერთაშორისო კვლევის შედეგად მიღებული მაჩვენებლები განგაშის საფუძველი ნამდვილად არის.
კვლევაში საუბარია იმ ფაქტორზეც, რომ სკოლის მოსწავლეებისთვის თამბაქოს ან ალკოჰოლური ნაწარმის წვდომა, მათ შორის შეძენა, მარტივია. მიუხედავად იმისა, რომ ამ თვალსაზრისით არსებობს გარკვეული რეგულაციები, ლელა სტურუას თქმით, პრაქტიკაში ეს რეგულაციები ნაკლებად სრულდება და ამას კვლევის შედეგებიც მოწმობს.
რაც შეეხება საკითხს, როგორ ავიცილოთ სკოლის მოსწავლეებში მავნე ჩვევების მსგავსი საგანგაშო მაჩვენებელი მომავალში, ლელა სტურუას თქმით, უმნიშვნელოვანესია პრევენცია.
ერთ–ერთი მთავარი რეკომენდაციაა, საჯარო სკოლებში, სასწავლო პროცესში დაინერგოს რაიმე საგანი, რომელიც ბავშვებს ასწავლის და ჩამოუყალიბებს გარკვეულ ჩვევებსა და დამოკიდებულებას, რატომ არის მავნე თამბაქოს, ალკოჰოლის, ნარკოტიკის მოხმარება ან ფულზე აზარტული თამაში.
მსგავსი საგნის დასანერგად კი აუცილებელია რამდენიმე უწყების, მათ შორის განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების აქტიური ჩართულობა. როგორც ლელა სტურუამ აღნიშნა, ამ კუთხით მუშაობა დაწყებულია, თუმცა რაიმე კონკრეტულ ფორმატზე საუბარია ჯერ ნაადრევია.
ლელა სტურუას თქმით, საწყის ეტაპზე შესაძლებელია, საჯარო სკოლებში დაინერგოს ის პროგრამები, რომლებიც ბევრ უცხოურ ქვეყანაში უკვე დამკვიდრებული და ადაპტირებულია.
საერთაშორისო კვლევა ევროპის 35-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება. 2015 წელს პროექტს საქართველოც შეუერთდა. საქართველოს მასშტაბით, კვლევაში მონაწილეობა 190 სკოლამ მიიღო.