logo_geo
eng_logo
ამბავი ჟურნალისტისა და მოცეკვავისა, რომლებიც თქვენს ბედნიერებაზე ზრუნავენ!
- +

6 მაისი. 2016. 14:54


 

„რეპორტიორი“ შეეცადა გაერკვია, თუ რატომ ამბობენ ახალგაზრდები საკუთარი პროფესიით მუშაობაზე უარს და რა პრობლემებს აწყდებიან კერძო ბიზნესში საქმიანობისას?

 

„რეპორტიორს“ ანა ახალაშვილი და ქეთი მაჭარაშვილი ესაუბრნენ. გოგონებმა მათი პროფესიით საქმიანობაზე უარი თქვეს და საკუთარი ბიზნესი ჩამოაყალიბეს.

 

- რატომ გადაწყვიტეთ, უარი გეთქვათ თქვენი პროფესიით მუშაობაზე?

 

ანა: როდესაც ხარ ჟურნალისტი, გჭირდება დიდი ენერგია და, რა თქმა უნდა, დროც. ვმუშაობდი ჟურნალისტად, მიწევდა მუდმივად გარეთ ყოფნა, რაც პირად ცხოვრებაში ხელს მიშლიდა. ბევრი ძიების შემდეგ მივხვდი, რომ ვერ ვნახე ისეთი სამსახური და ანაზღაურება, რის გამოც მიღირდა, დამეთმო ჩემი პირადი ცხოვრება. GIPA-ში დავამთავრე მაგისტრატურა PR-ის განხრით, ვისწავლე ცოტა რამ მარკეტინგის სფეროში. მივხვდი, რომ არ იყო საჭირო, სხვისთვის მეკეთებინა PR და მარკეტინგი, როცა შეიძლებოდა დამეწყო ისეთი ბიზნესი, რომელსაც თავად გავუწევდი PR-ს. ასე ჩამოყალიბდა „Mr and Mrs’’.

 

ქეთი: პროფესიით ვარ ეკონომისტი. ვარ მოცეკვავე. მოგეხსენებათ, ცეკვა ძალიან დამღლელი და დაუფასებელი პროფესიაა. ექვსი წლიდან ვცეკვავდი,  ბოლო ექვსი წელი სუხიშვილების ანსამბლში ვიყავი. შეიძლება ნახევარი დღე იყო სახლიდან გასული და ფაქტობრივად არაფრის სანაცვლოდ, მხოლოდ ენერგია მქონდა დაცლილი და ბავშვთან სახლში როდესაც მივდიოდი, არაფრის ძალა არ მქონდა. ჩემი ცეკვა იყო ანაზღაურებადი მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მქონდა კერძო კონცერტი.  

 

- მარტო ქორწილების დიზაინია თქვენი საქმე თუ სხვა დღესასწაულებსაც უძღვებით?

 

ანა: არა, მარტო ქორწილებით არ შემოიფარგლება ჩვენი საქმიანობა, ვაფორმებთ ბავშვების დაბადების დღეებს, რაც ბოლო პერიოდში ძალიან მოთხოვნადი გახდა, კორპორატიულ საღამოებს და სხვადასხვა დღესასწაულებს.

 

 

 

 

ქეთი: ქორწილი ისეთი დღეა ცხოვრებაში, ერთი და მნიშვნელოვანი, რომ აუცილებლად უნდა იყოს ლამაზი და დასამახსოვრებელი. ძალიან სასიამოვნო და საპასუხიმგებლო საქმეა, როდესაც ადამიანი განდობს მისთვის უბედნიერეს დღეს.

 

- რა არის განსხვავებული თქვენს დიზაინში?

 

ანა: ვცდილობთ, ყოველთვის ისეთი დიზაინი შევქმნათ, რომელიც იქნება განსხვავებული და არ იქნება  უკვე არსებული. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ცოტა სტანდარტული ხალხი ვართ და კლიენტები არ გვაძლევენ იმის საშუალებას, რომ ვიყოთ განსხვავებულები, მაგრამ ჩვენი მხრიდან ვცდილობთ ვიყოთ ორიგინალურები და მრავალფეროვნები.

 

 

 

- რა მასალას იყენებთ ძირითადად?

 

- ძირითადად ცოცხალი ყვავილებით ვმუშაობთ. ვინაიდან ზამთარში ძვირი ღირს ყვავილები, ვცდილობთ გამოვიწეროთ ან სხვა ზომებს მივმართოთ, რომ კლიენტისთვის ფასი მისაღები იყოს.

 

 

 

- რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

 

- როგორც უკვე აღვნიშნე, შევქმენით ბრენდი „ Mr. & Mrs.’’, რომელიც ნელ-ნელა ვითარდება და მომავლისთვის ვგეგმავთ მაღაზიის გახსნას, სადაც ყველა პროდუქცია იქნება ბრენდირებული.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner