logo_geo
eng_logo
საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტი კახა კახიშვილმა ან ირაკლი ნადარეიშვილმა უნდა დაიკავოს!
- +

26 ივნისი. 2018. 11:04

 

 

საქართველოს პარლამენტმა ახალი მთავრობის დროებითი შემადგენლობა დაამტკიცა, რომელიც უახლოეს ხანში კვლავ შეიცვლება, რადგან პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ დეკლარირებული „მცირე მთავრობის“ კონცეფციის შესაბამისად, სამინისტროთა რაოდენობა თოთხმეტიდან თერთმეტამდე უნდა შემცირდეს, რაც თავისთავად, რამდენიმე უწყების ერთმანეთთან შერწყმას გულისხმობს.

 

წინასწარი ინფორმაციით, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროში ინტეგრირდება, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო კი იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანდება.

 

ფართო საზოგადოების მთავარი მოლოდინი სწორედ იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების შერწყმას უკავშირდება, რადგან ამ ეტაპზე, უცნობია, ამ ორი უწყების გაერთიანების შემთხვევაში ვინ იქნება მისი ხელმძღვანელი - იუსტიციის დღევანდელი მინისტრი თეა წულუკიანი თუ სასჯელაღსრულების სამინისტროს მოქმედი თავკაცი კახა კახიშვილი?

 

ასევე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, ვინ დაიკავებს საქართველოს მთავარი პროკურორის ვაკანტურ პოსტს.

 

აღსანიშნავია, რომ ირაკლი შოთაძის გადადგომის შემდეგ საზოგადოების დიდი ნაწილი მთავარი პროკურორის პოსტზე კახა კახიშვილის დანიშვნას ითხოვს, რადგან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, რომელმაც სააკაშვილის რეჟიმის მიერ დატოვებული ქართული „აბუ გრეიბისაგან“ უმაღლესი ევროპული სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემა შექმნა, სამოქალაქო ჯგუფის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორისა და მთლიანად ქართველი ხალხის მხრიდან უპირობო ნდობას იმსახურებს.

 

პროფესიონალიზმთან და მაღალი დონის მენეჯერულ თვისებებთან ერთად, კახა კახიშვილის ერთ-ერთი მთავარი თვისება ისიც არის, რომ მას დღევანდელი ხელისუფლების არაერთი წარმომადგენლისგან განსხვავებით, სააკაშვილის შავ-ბნელ რეჟიმთან არაფერი აკავშირებს. პირიქით, კახიშვილი ცხრა წლის განმავლობაში აქტიურად ამხელდა და ებრძოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას, როგორც საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაუძინებელ მტერს.

 

ამასთან, კახა კახიშვილს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მოღვაწეობის გამოცდილებაც აქვს და ამ ურთულესი სტრუქტურის ავანჩავანი კარგად იცის.

 

მოკლედ, თუ კახიშვილი საქართველოს მთავარ პროკურორად დაინიშნება, ეს სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის კუთხით წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, ქართველ საზოგადოებასაც პროკურატურის მიმართ ნდობა აღუდგება და სააკაშვილის რეჟიმის მიერ წარყვნილი სისტემიდან, რომლის საფუძვლიან გაკეთილშობილებასაც „ქართულმა ოცნებამ“ 6 წლის განმავლობაში თავი ვერ დაადგა, სამუდამოდ იქნება გაძევებული ზურაბ ადეიშვილის ავბედითი აჩრდილი, რომელიც პროკურატურის ტალანებში დღემდე დაძრწის და დაბოდიალობს.

 

სოციალურ ქსელებს თუ გადავხედავთ, საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ასევე აქტიურად ახმიანებს იდეას მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მოქმედი პროკურორის ირაკლი ნადარეიშვილის დანიშვნის თაობაზე. მას, კახა კახიშვილის კანდიდატურის მსგავსად, ნდობასა და მხარდაჭერას უცხადებს მოქალაქეთა მრავალრიცხოვანი არმია, რომელსაც ამ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა ისე სწყურია, „ვით დაჭრილ ირმების გუნდს - წყარო ანკარა“.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ირაკლი ნადარეიშვილთან დაკავშირებით ნამდვილად უნიკალურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რადგან დღეს, როცა საქართველოში მთავარი პროკურატურის მიმართ ნდობა არცთუ ისე მაღალია, ცალკე აღებულმა ამ ერთმა კაცმა მოახერხა და საზოგადოების დიდი ნაწილის სიმპათია დაიმსახურა.

 

და მაინც, რას ეფუძნება ის ნდობა და მხარდაჭერა, რომლითაც პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი არამარტო რიგით მოქალაქეებში, არამედ მართლმსაჯულების სფეროს სპეციალისტებში სარგებლობს?

 

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შტრიხი, რაც ირაკლი ნადარეიშვილის პროფესიულ და ადამიანურ ფენომენს ნათელ სხივად გასდევს, ის არის, რომ მან პროკურატურის სისტემა საკუთარი ნებით დატოვა სწორედ მაშინ, როცა საქართველოში სააკაშვილის რეჟიმის აღვირახსნილობა და ადეიშვილის მიერ პოლიტიკური მართლმსაჯულების ფორმირება შეუქცევად ფაზაში შედიოდა.

 

2007 წლიდან 2013 წლამდე ირაკლი ნადარეიშვილი საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა და პროკურატურაში მხოლოდ სააკაშვილის რეჟიმის დასრულებისა და ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ დაბრუნდა, დღეს კი საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, ანუ ნაცრეჟიმის მიერ რეპრესირებული, უკანონოდ დაპატიმრებული, ქვეყნიდან გაძევებული და ცხოვრებადანგრეული ადამიანების რეაბილიტაციისა და სამართლიანობის აღდგენისთვის იღვწის.

 

სწორედ ირაკლი ნადარეიშვილისა და მისი დეპარტამენტის საქმიანობას უკავშირდება სააკაშვილის რეჟიმის მიერ უკანონოდ გასამართლებული 40 ადამიანის, მათ შორის, არაერთი ყოფილი პოლიტპატიმრის გამართლება. გარდა ამისა, ნადარეიშვილის ხელმძღვანელობით მოქმედი დეპარტამენტის წყალობით, ნაცრეჟიმის მიერ რეპრესირებულ მოქალაქეებს 50 მილიონამდე ლარის ღირებულების ქონება დაუბრუნდათ.

 

გარდა ამისა, ირაკლი ნადარეიშვილი სახელმწიფო ბრალმდებლის რანგში უძღვებოდა მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილის, ბაჩო და დათა ახალაიების წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებს და სწორედ მისი პროფესიონალიზმის დამსახურებაა, რომ ყველა ამ საქმეზე ზემოხსენებულ ბრალდებულთა მიმართ სასამართლოში გამამტყუნებელი განაჩენები დადგა.

 

აი, სწორედ ამ ყველაფერს ემყარება ირაკლი ნადარეიშვილისადმი საზოგადოების ნდობა და სურვილი, რომ მან საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა დაიკავოს.

 

და მართლაც, თუკი რიგი მიზეზებისა და საკანონმდებლო კაზუისტიკის გამო კახა კახიშვილი მთავარი პროკურორის პოსტს ვერ ან არ დაიკავებს, მაშინ ეს თანამდებობა აუცილებლად უნდა ერგოს დღევანდელი პროკურატურის ყველაზე ნათელ წერტილს, პროფესიონალიზმით, წესიერებითა და ღირსებით შემკულ კაცს - ირაკლი ნადარეიშვილს, რომელმაც საქართველოს დაუძინებელი მტრები - სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი და ახალაიები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა!

 

დიახ, თუ დღევანდელ ხელისუფლებას თავისი მთავარი დაპირებისთვის - სამართლიანობის აღდგენისთვის მიწა ბოლომდე არ მიუყრია, თუ „ქართულ ოცნებას“ მართლა სურს, რომ მართლმსაჯულების სისტემა გააჯანსაღოს, ადამიანებს სამართლიანობის განცდა გაუჩინოს და სახელმწიფო სახელმწიფოს დაამსგავსოს, მაშინ მას სხვა არჩევანი უბრალოდ არა აქვს - მთავარ პროკურორად ან კახა კახიშვილი უნდა დანიშნოს, ან - ირაკლი ნადარეიშვილი.

 

ისიც ცხადზე ცხადია, რომ პროკურატურის სისტემაში საკმაოდ მძლავრად ფესვგადგმული ადეიშვილ-მერაბიშვილ-ფარცხალაძის კლანური დაჯგუფებები კახიშვილისა და ნადარეიშვილის კანდიდატურებს ვირეშმაკული მეთოდებით დაუპირისპირდებიან და მაქსიმალურად ეცდებიან, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე თავიანთი კადრი გაიყვანონ, მაგრამ აქ სეფესიტყვა ისევ ბიძინა ივანიშვილმა უნდა თქვას.

 

ქართული სახელმწიფოსა და სამართლიანობით მშიერი ქართველი ხალხისთვის იდეალური ვარიანტი იქნება, თუ კახა კახიშვილი - იუსტიციის მინისტრის, ირაკლი ნადარეიშვილი კი მთავარი პროკურორის თანამდებობას დაიკავებს.

 

ასეთ შემთხვევაში სამართლიანობის აღდგენის იმედი, რომელიც გამოუსწორებელ ოპტიმისტთა გულებში ჯერ კიდევ ბჟუტავს, კვლავ ფრთებს შეისხამს და ვინძლო, ქართველ კაცსაც მიეცეს საფუძველი, თქვას - არის სამართლიანობა, არის მშვიდობა!

 

 

ავტორი: ჯაბა ხუბუა

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner