ავტორი მარიამ წიგნაძე
4 მაისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესახებ“ კანონში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტის განხილვა. პროექტის განხილვას აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე და აკადემიის წევრები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე, რომელმაც შეხვედრაზე დასწრება საკუთარი სურვილით გადაწყვიტა.
აკადემიკოსებს „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები აკადემიის მთავარმა აკადემიკოს-მდივანმა ირაკლი ჟორდანიამ გააცნო. შეკრების დაწყებისას სხდომის მონაწილეებს აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ მიმართა. მისი თქმით, პროექტი აკადემიასთან შეთანხმებული არ ყოფილა და მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტის ვებ-გვედზე დაიდო.
შეხვედრის დაწყებამდე გიორგი კვესიტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დღეს მეცნიერებათა აკადემიაში მხოლოდ 110 წევრია.
„ჩვენზე პატარა ეროვნული აკადემია არც ერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას არ აქვს. მათგან 70 აკადემიკოსია, 40 წევრ-კორესპონდენტი“, - აღნიშნა გიორგი კვესიტაძემ.
„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ ივანე კიღურაძემ მოამზადა. აღნიშნული პროექტის თანახმად, აკადემიის პრეზიდენტად და ვიცე-პრეზიდენტად არ შეიძლება დაინიშნოს 70 წელზე მეტი ასაკის. გიორგი კვესიტაძემ აღნიშნულს ასაკობრივი დისკრიმინაცია უწოდა. ასევე ცვლილებების პროექტით, აკადმიის წევრ-კორესპონდენტთა ინსტიტუტს სტიპენდიანტთა ინსტიტუტი ჩაანაცვლებს. სტიპენდიანტებს 5 წლის ვადით აირჩევენ.
„მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სწორედ ეს უნდა იყოს - დაამუხრუჭოს ტვინების გადინება ქვეყნიდან. დღეს ყველა ნიჭიერი ადამიანი სამსახურს ეძებს უცხოეთში. საჭიროა, ეს ხალხი ამ ქვეყანაში გავამაგროთ. შეიძლება მათთვის 100-ლარიანი ანაზღაურება განსაკუთრებული შეთავაზება არ იყოს, მაგრამ ეს მაინც დააფიქრებს ახალგაზრდებს“,- განაცხადა კირღურაძემ.
თუმცა ვანო კიღურაძის პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით აკადემიაში არ იზიარებენ. მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის გიორგი კვესიტაძის განცხადებით, მოსალოდნელი ცვლილებები შესაბამის შედეგს ვერ მოიტანს და კანონის ამოქმედების შემდეგ, აკადემიის წევრთა რაოდენობა შემცირდება.
„კარგის გაკეთება თუ არ შეგიძლიათ, არეულობას მაინც ნუ შემოიტანთ, ნუ დაამძიმებთ. ვფიქრობ, ასაკობრივი შეზღუდვაც ძალიან პირადული შეხედულებაა და არა საქმიდან გამომდინარე დასმული საკითხი.სტიპენდიანტებიც იყვნენ, მაგრამ არა კორესპონდენტთა ხარჯზე, რადგან ამ ინსტიტუტის შენარჩუნება არის საჭირო“, - განაცხადა ლადო პაპავამ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს მეციერებათა აკადემიის წევრკორესპონდენტი ნაპოლეონ ქარქაშაძე განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მიერ შემოშავებულ „მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს არ ეთანხმება.
„თქვენ გსურთ, ნელნელა დაასრულოთ ის, რაც ვერ მოამთავრა სააკაშვილის ხელისუფლებამ, არ გამოვა ასე, ასე არ უნდა მოქმედებდეთ, ვინაიდან ჩვენ ყველა საქართველოს შვილები ვართ“, მიმართა კანონპროექტის ავტორს ივანე კიღურაძეს ქარქაშაძემ მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ შეხვედრაზე.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრკორესპონდენტი მარიკა ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ „მეცნიერებათა აკადემიის შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებებზე კანონპროექტის ავტორს ივანე კუღურაძეს აკადემიკოსებთან ერთად უნდა ემსჯელა. ლორთქიფანიძე არ ეთანხმება მეცნიერებათა აკადემიაში წევრკორესპონდენტთა ინსტიტუტის გაუქმებას, რომელსაც კანონპროექტი ითვალისწინებს.
„ჩემთვის სრულიად გაუგებარია აკადემიიის წევრკორესპონდენტთა ინსტიტუტის უარყოფა და სტიპენდიანტის ინსტიტუტის შემოღება. ის, რომ გაუქმდეს წევრკორესპონდენტთა ინსტიტუტი და შემოვიღოთ სტიპენდიანთა ინსტიტუტი, ჩემთვის მისაღები არაა“, განაცხადა ლორთქიფანიძემ მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ შეხვედრაზე.
„ეს კანონპროექტი პარლამენტში იმიტომ გააქვთ, რომ გიორგი კვესიტაძე და როინ მეტრეველი თანამდებობიდან გადადგნენ“, ამის შესახებ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში შეხვედრაზე სიტყვით გამოსულმა აკადემიკოსმა ელიზბარ ჯაველიძემ განაცხადა, რომელიც „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს გამოეხმაურა. ელიზბარ ჯაველიძემ კანონროექტით გათვალისწინებული სტიპენდიანტის ინსტიტუტის შესაძლო დაწესება გააპროტესტა და განაცხადა, რომ ამით წევრკორესპონდენტის სტატუსით გარდაცვლილი ქართველი მეცნიერების უგულებელყოფა მოხდება. ელიზბარ ჯაველიძემ ასევე მიმართა დარბაზში მყოფ პარლამენტის მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძეს და განაცხადა, რომ იგი ეროვნული აკადემიის წინააღმდეგაა.
„აქ არის შეთქმულება, ოთხი წელია ივანე კიღურაძე ებრძვის ეროვნულ აკადემიას. მას აქვს ნათქვამი, რომ სანამ კომიტეტის თავმჯდომარეა, აკადემიიდან არც ერთი წინადადება პარლამენტში არ გავა“, განაცხადა ელიზბარ ჯაველიძემ.
კანონპროექტის განსახილველად მეცნიერებათა ეროვნული აკადემია კიდევ გეგმავს შეკრებას, თუმცა აკადემიის წევრები არ არიან დარწმუნებული, რომ პროექტის ავტორი მათ შენიშვნებს გაითვალისწინებს. კიღურაძე კი მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება, თუ მისი კოლეგები კანონპროექტის განმარტებით ბარათს უკეთ გაეცნობიან.
კანონპროექტს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი სავარაუდოდ 16 მაისამდე განიხილავს.
P.S. მეცნიერებასა და განათლებასთან განსაკუთრებული შეუთავსებლობა კი ყველაზე უკეთ ყოფილმა ხელისუფლებამ გამოავლინა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს მეცნიერებათა აკადემია თავის დროზე უფუნქციოდ დატოვა. აკადემიის დაქვემდებარებაში არსებული სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტების ნაწილი გააუქმა, ხოლო ნაწილი აკადემიის გამგებლობიდან გამოიყვანა და სხვადასხვა უმაღლეს საწავლებლებს დაუქვემდებარა. ყოფილმა ხელისუფლებამ მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ფაქტობრივად, საექსპერტო ფუნქცია დაუტოვა. სამეცნიერო თუ კვლევითი ინსტიტუტების კვლევებზე დასკვნებიც იწერებოდა, თუმცა შესაბამისი რეაგირება ამ დასკვნაზე არ ხდებოდა. მეცნიერები თავადვე აღიარებდნენ, რომ სააკაშვილის რეფორმის შედეგად მეცნიერებამ ფაქტობრივად კვდომა დაიწყო. ამ პერიოდში აკადემიკოსები გარკვეულ თემებზე მუშაობდნენ, მინიმალურ ხელფასსაც იღებდნენ, მაგრამ სახელმწიფოებრივი დაინტერესება მთელი ამ დროის განმავლობაში არ ყოფილა.