გთავაზობთ ამონარიდებს, გიო ხუციშვილის ინტერვიუდან, რომელიც მან ჟურნალ „გზას“ მისცა:
***
„ბავშვობაში ვცურავდი, თხილამურებზე ვიდექი, წყალბურთში საქართველოს ნაკრების წევრი ვიყავი. გარდა ამისა, ვმღეროდი, მაგრამ სცენა არ მიზიდავდა. მშობლები სიმღერას მაძალებდნენ. ბავშვობაში ზუკაზე მაღალი ხმა მქონდა. ჩემი და კარგად მღეროდა - ნანა გელოვანისა და ხათუნა ხუციშვილის დუეტი ცნობილი იყო. ერთხელ, ხელოვნების მუშაკთა სახლში მათ კონცერტს ვესწრებოდი, 5 წლის ვიქნებოდი, პუტკუნას მოკლე შარვალი მეცვა და პირველ რიგში ვიჯექი. ვიღაცამ წერილი გადმომაწოდა - კონცერტის წამყვანს გადაეციო. სცენაზე ავედი. თურმე, წერილში ეწერა: „ეს ბავშვი აუცილებლად ამღერეთ.“ წამყვანმა ხელი მომკიდა. გავჯიუტდი, მაგრამ სცენაზე მაინც დამტოვეს. ვინერვიულე, არ ვიცოდი, რა მემღერა. პატარაობიდან სულ დიდების სიმღერებს ვასრულებდი. ძალიან სასაცილო იყო 5 წლის ბავშვისგან „მე ვარ თამადა ამ სუფრაზე“ - ასეთი და მსგავსი სიმღერების მოსმენა.
მახსოვს, ჩვენს სახლში მუდამ ქეიფი იყო. ზოგჯერ გამაღვიძებდნენ, მეც ავდგებოდი და სტუმრების წინაშე ვმღეროდი. ალბათ, 5-6 წლის ვიყავი, როცა მამაჩემთან ერთად, გია ყანჩელი მოვიდა ღამის 2 საათზე და მთხოვეს, მემღერა. დილით დაახლოებით, 11 საათზე, ბატონმა გიამ გამომიარა და ხმის ჩამწერ სტუდია „მელოდიაში“ წამიყვანა. მისი უზომოდ მადლიერი ვარ, რადგან ჩემი ხმის პირველი ჩანაწერი დარჩა, რომელსაც ძალიან ვუფრთხილდები. მერე ბევრი ანსამბლი მთხოვდა, რომ მათთან მემღერა, მაგრამ სცენაზე დგომა არ მინდოდა. მამუკა ჩარკვიანის „ბრალია“ ჩემი სცენაზე ასვლა. სტუდენტობის, მერე, მე და მამუკა ჩარკვიანი, მის სიმღერას ვმღეროდით, ერთხელ სცენაზეც ავედით და შემოვრჩით...“
***
„კარგად მახსოვს ის დღე, როცა პირველად მივედი სკოლაში. თეთრი პერანგი და შავი მოკლე შარვალი მეცვა. ხელში დიდი თაიგული მეჭირა. მაშინ ჩემი ყურადღება მიიქცია სკოლის ეზოში შემოსულმა, ჩემსავით დაბალმა, დიდბაფთიანმა გოგონამ (ის მაია ჯაბუა გახლდათ), რომელსაც ასევე ყვავილები ეჭირა ხელში. რადგან ორივე დაბლები ვიყავით, მასწავლებელმა პირველ მერხზე დაგვსხა. არ დაგიმალავთ და გეტყვით, ძალიან ცუღლუტი ბავშვი ვიყავი. მასწავლებლის პაროდიებს ვაკეთებდი, რაზეც ბავშვები სიცილით იხოცებოდნენ. ზოგჯერ მასწავლებლები მეუბნებოდნენ: ოღონდ გაკვეთილზე არ შემოხვიდე და სამიანს ისე დაგიწერთო. მოგვიანებით, ცოტა რომ წამოვიზარდე, სკოლის სახელით რაღაც ზეიმზე დავყავდით, ვეტერანებთან შეხვედრის დროს რუსულ სიმღერებს მამღერებდნენ და ამით აღფრთოვანებული ვეტერანები ტირილს იწყებდნენ.
„შატალოებზე“ ისევე, როგორც ყველა ბავშვი, მეც დავდიოდი. რადგან ჩემი სკოლა ვაკის პარკთან ახლოს იყო, ყველაზე ხშირად იქ დავდიოდით. ცუდს არაფერს ვაკეთებდით, არც ვუზრდელობდით, მხოლოდ „ფანტანის“ აუზში ვიღაცას ვაგდებდით და ასე ვერთობოდით“...
***
„აფხაზეთის ომის დროს ოჩამჩირეში, დამწვარ, დანგრეულ სახლში შევედით, სადაც როიალის გარდა, არაფერი დაგვხვდა. ჩემმა მეგობარმა, მიშა ჭაბუკიანმა დაუკრა, მე ვიმღერე, ბიჭებიც ამყვნენ და სიმღერა სამ ხმაში გავშალეთ. პატარა მიხომ იცეკვა (ასე ვეძახდით ერთ ბიჭს, რომლის გვარი არ მახსოვს). ყველა გავმხიარულდით და რაღაც მომენტში, ომი გადაგვავიწყდა. ჩვენ ვმღეროდით და მეორე სახლში აფხაზები იყვნენ ჩასაფრებული. მუსიკის ხმა და ჩვენი სიმღერა რომ გაიგეს, გაჩუმდნენ და... ერთი ტყვიაც არ გვესროლეს. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მუსიკამ დაგვაკავშირა ერთმანეთს. ეს ერთგვარად, სიმბოლური ფაქტი იყო. ასე ხდება, მუსიკის ენა ყველას ესმის...“